მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის კრიპტო აქტივების ოპერაციებს ახორციელებენ საქართველოდან?

ბიტკოინი კრიპტო

იმის მიუხედავად, რომ კრიპტოვალუტები ზოგადად არ განეკუთვნებიან სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებად აქტივებს, საქართველოს სახელმწიფო მაინც ფლობს ინფორმაციას ქვეყანაში რეგისტრირებული ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) მომხმარებელთა რაოდენობისა და ვინაობის შესახებ.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბოლო რამდენიმე წელში VASP-ების მომხმარებელთა აღრიცხვიანობის მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუკი 2020 წელს საქართველოში რეგისტრირებული პროვაიდერების სერვისით 28,868 ადამიანი სარგებლობდა, 2021 წელს ის 43,841-მდე, ხოლო 2022 წელს 93,629 მომხმარებლამდე გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, რეგისტრირებული VASP-ების კლიენტთა 98% საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, ქვეყანაში შემოსული მიგრანტები მაღალი ალბათობით საქართველოში რეგისტრირებული VASP-ის სერვისების ნაცვლად გადარიცხვებისთვის უცხოურ VASP-ებს იყენებენ.

საქართველოში ვირტუალური აქტივების მოხმარების შესახებ მთავრობის მიერ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ მომზადებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს VASP-ების 93.6 ათასმა მომხმარებელმა ჯამში 2,439,000,000 ლარის ოპერაციები განახორციელა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 80%-ით მეტი იყო.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ოპერაციების უდიდესი ნაწილი 1.88 მილიარდი ლარი ვირტუალური აქტივის ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში გადაცვლას წარმოადგენდა, 550 მილიონი ლარის ოპერაციები კი ვირტუალური აქტივის გადაცემა იყო. შესაბამისად, ეს შეიძლება ყოფილიყო ვირტუალური აქტივებით კონკრეტული პროდუქციის ან მომსახურების შეძენის ოპერაციები.

საქართველოს მთავრობის ანგარიშის თანახმად, ვირტუალური აქტივები ფულის გათეთრების მომეტებული რისკებით ხასიათდებიან. ამ მხრივ გამოიყოფა ვირტუალური აპარატების ჩასარიცხი ფეი ბოქსები, სადაც სახელმწიფო გაზრდილ მოწყვლადობას ხედავს.

“VASP-ების სექტორში აქტუალურია ნაღდ ფულთან დაკავშირებული რისკებიც, რასაც ძირითადად განაპირობებს სპეციალური თვითმომსახურების აპარატების არსებობა, რომლებიც ნაღდი ფულით ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების (შეძენა/გადაცვლა) განხორციელების საშუალებას იძლევა. 2020-2022 წლებში ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ასეთი თვითმომსახურების აპარატები მოწყვლადი იყო უკანონო საქმიანობაში გამოყენების თვალსაზრისით,”- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში რუსი მიგრანტების კრიპტო აქტივებზეც არის საუბარი. მისი მიხედვით, ფულად გზავნილების გააქტიურებასთან ერთად, მიგრანტებმა კრიპტო გზავნილების მოცულობაც გაზარდეს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ხშირად საქართველოს მოქალაქეები უწევდნენ დახმარებას რუს მიგრანტებს შესაბამისი კრიპტო გზავნილების მიღებაში.

“სებ-ის მიერ აღნიშნული ტრენდის ანალიზით დადგინდა, რომ რუსეთიდან თანხების გამომგზავნი და საქართველოში მიმღები პირები ხშირად სხვა პირების სასარგებლოდ მოქმედებნენ და ადგილი ჰქონდა ე.წ. “კრიპტო არბიტრაჟს”. კერძოდ რუსეთში მოქმედი ფულადი გზავნილების პროვაიდერები მომხმარებლებს სთავაზობდნენ რუსული რუბლის აშშ დოლარში კონვერტაციას შეღავათიანი კურსით. საქართველოში მიღებულ თანხებს რიცხავდნენ ვირტუალური აქტივების შესაძენად, საბოლოოდ ვირტუალურ აქტივებს ისევ რუსეთში ანაღდებდნენ და ამ მეთოდის მრავალჯერადი გამოყენებით იღებდნენ მოგებას. 2022 წლის მეორე ნახევარში ეს ტრენდი შემცირდა, რაც ერთი მხრივ განაპირობა კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა ზომებმა - თანხობრივი ლიმიტების დაწესება, განაღდება მხოლოდ ლარში, თანხის წარმოშობის დადგენა და სხვა. ასევე ამაზე გავლენა იქონია EU-ს სანქციებმა, რომლითაც შეიზღუდა ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციები რუსეთის მოქალაქეებისთვის,”- ნათქვამია ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ეროვნულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები