2022 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეთა სასარგებლოდ კრიპტოვალუტების ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას - ამის შესახებ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის 2023 წლის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის მიხედვით, უკანასკნელ წლებში საქართველოში ვირტუალური აქტივების პროვაიდერი კომპანიების (VASP) მომხმარებელთა რაოდენობა მაღალი ტემპით გაიზარდა და მან 93.6 ათასს მიაღწია.
დოკუმენტში შეფასებულია სხვადასხვა ტენდენციები, რომლებიც ამ სექტორში გამოიკვეთა. მათ შორის VASP-ების მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წელს არსებული 43,841-დან 2022-ში 93,629 გახდა, ხოლო განხორციელებული ოპერაციების ზომა კი 80%-ით, 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებული VASP-ების მომხმარებელთა უდიდესი რაოდენობა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა გასულ წელს შესამჩნევი იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან განხორციელებული ოპერაციების ზრდა და “კრიპტო არბიტრაჟის” სქემის გააქტიურება.
“სებ-ის მიერ აღნიშნული ტრენდის ანალიზით დადგინდა, რომ რუსეთიდან თანხების გამომგზავნი და საქართველოში მიმღები პირები ხშირად სხვა პირების სასარგებლოდ მოქმედებდნენ და ადგილი ჰქონდა ე.წ. “კრიპტო არბიტრაჟს”. კერძოდ რუსეთში მოქმედი ფულადი გზავნილების პროვაიდერები მომხმარებლებს სთავაზობდნენ რუსული რუბლის აშშ დოლარში კონვერტაციას შეღავათიანი კურსით. საქართველოში მიღებულ თანხებს რიცხავდნენ ვირტუალური აქტივების შესაძენად, საბოლოოდ ვირტუალურ აქტივებს ისევ რუსეთში ანაღდებდნენ და ამ მეთოდის მრავალჯერადი გამოყენებით იღებდნენ მოგებას. 2022 წლის მეორე ნახევარში ეს ტრენდი შემცირდა, რაც ერთი მხრივ განაპირობა კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა ზომებმა - თანხობრივი ლიმიტების დაწესება, განაღდება მხოლოდ ლარში, თანხის წარმოშობის დადგენა და სხვა. ასევე ამაზე გავლენა იქონია EU-ს სანქციებმა, რომლითაც შეიზღუდა ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციები რუსეთის მოქალაქეებისთვის,”- ნათქვამია ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ეროვნულ ანგარიშში.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფულის გათეთრების მხრივ მომეტებული რისკებით ხასიათდება კრიპტოვალუტების სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ოპერაციების ზრდაც.