ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა.
განცხადება ცესკოში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ შეიტანა.
"სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილე კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით და შემდგომ, ყველა ნაბიჯს და ყველა დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ არასოდეს ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია",- თქვა სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით არჩევნებში ბარიერგადალახულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. ცესკოში შესაბამისი განაცხადი 25 ნოემბერს შეიტანა „კოალიციამ ცვლილებისთვის“, ხოლო 26 ნოემბერს - "ძლიერმა საქართველომ" და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ". რაც შეეხება „გახარია საქართველოსთვის“, პარტიაში ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ამბობენ, რომ რა ფორმით და როდის ჩახსნიან სიებს, ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტია. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პარლამენტს მათი ლეგიტიმაცია არ ექნება.