მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის ცალსახად ცენზურის კანონმდებლობა" - სპეციალისტი "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებზე

მედიასამართალი

მედიასამართლის სპეციალისტი მამუკა ანდღულაძე "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მედიაორგანიზაციის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება აიკრძალება, ცენზურად აფასებს.

როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე BMG-სთან აცხადებს, ქვეყანაში არსებულ ფონზე "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაჩერებას ემსახურება და არა არსებული, რეალური პრობლემების გადაჭრა.

"თუ არ არის დამოუკიდებელი მედიაგარემო, იმ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს, ყველა სინდისის პატიმარი გაათავისუფლოს და ის სასიცოცხლო გამოწვევები, რომელიც მედიას აქვს, [გადაჭრას], ცდილობს დარჩენილი დემოკრატიული ინსტიტუტები მაქსიმალურად გააჩეროს მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს, ქვეყანაში რა ხდება, არ ისაუბროს პრობლემებზე.

ეს არის ცალსახად ცენზურის კანონმდებლობა, რომლის მიზანია იმ მედიების გაჩუმება, რომლებიც ისედაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ უმკლავდებიან ამას და საზოგადოებას მაინც აწვდიან ინფორმაციას. [ცენზურა] ხდება სხვადასხვა გზით, ერთი ეს არის დაფინანსების პრობლემის შექმნა, მეორე - მარეგულირებელი კომისიის ფუნქციების გაზრდა", - აღნიშნავს მამუკა ანდღულაძე.

კომუნიკაციების კომისიისთვის მანდატის ზრდის შეფასებისას ანდღულაძე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილება იდეალურიც რომ იყოს, მარეგულირებელი უწყება დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

"მაქსიმალური რეპრესიული მექანიზმებია ჩართული, ისევე როგორც ყველა მიმართულებით. ინსტიტუტების სახელმწიფო მიტაცებაზე წლებია ვსაუბრობთ, არ არსებობს არც ერთი უწყება, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, [მიტაცებული რომ არ იყოს]. იდეალური კანონიც რომ იყოს მიღებული ჩვენს ვითარებაში, როგორც ბრიტანეთსა და გერმანიაშია, ამ რეალობაში მაინც ვერ იმუშავებს, რადგან არ გყავს საჯარო უწყების კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი ხელმძღვანელი, რომელიც კონსტიტუციისა და თავისი სინდისის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას - ამოსავალია განსხვავებული აზრის ჩახშობა და ქვეყნის ოკუპაცია", - აცხადებს მამუკა ანდღულაძე.

მისი თქმით, "მაუწყებლის კანონში" შეტანილი ცვლილებები ყველაზე მეტად რეგიონულ მედიებს დააზარალებს, რომლებსაც დაფინანსების ალტერნატიული გზა ისედაც არ აქვთ.

"სარეკლამო ბაზარი უკვე წლებია არ ფუნქციონირებს, სტრუქტურული პრობლემები აქვს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დამოუკიდებელი, განსაკუთრებით რეგიონალური მაუწყებლობა, პრაქტიკულად გაუქმდება. იმიტომ რომ ბაზარი არ ფუნქციონირებს და ფინანსების მოძიების ალერნატიული შესაძლებლობა თუ ჩაჭრილი იქნება, ეს ორგანიზაციები ვერ გააგრძელებენ საქმიანობას", - ამბობს მამუკა ანდღულაძე.

პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომლითაც მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება. იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ამასთან, მაუწყებლებს უჩნდებათ ვალდებულება, უფასოდ განათავსონ სოციალური რეკლამები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები