მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს "სწრაფი ფულის" მიღების რუსული მოდელის მსგავსია - აქციზს უეცრად ზრდიან, როცა ეკონომიკას დაარტყა - ექსპერტი

ზვიად სხვიტარიძე

ექსპერტი საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ზვიად სხვიტარიძე „ქართული ოცნების“ მიერ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გადაწყვეტილებას მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს.

"ეს არის სწრაფი ფულის“ მიღების რუსული მოდელი მსგავსი გზაა - აქციზს უეცრად ზრდიან, როცა ეკონომიკას დაარტყა“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

საქმე ის არის, რომ როგორც გუშინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2025 წლიდან სიგარეტის კოლოფზე აქციზი 20 თეთრით - 1.90 ლარამდე გაიზრდება. ასევე გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის 15 თეთრით 1.85 ლარამდე გაზრდა არის დაგეგმილი.

"ოცნება" სიგარეტზე აქციზს ზრდის - მთავრობა ამ გზით 83 მილიონი ლარით მეტი გადასახადის აკრეფას გეგმავს

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი „ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა დღეს დაამტკიცა და როგორც ფინანსთა სამინისტროში BMG-ის დაუდასტურეს, საგადასახადო შემოსავლებში აქციზის გაზრდილი განაკვეთი გათვალისწინებულია, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, აქციზის განაკვეთი იზრდება, ერთპარტიულ პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

ზვიად სხვიტარიძე, რომელსაც თამბაქოს მულტინაციონალურ კომპანიებში სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „კრიზისული სიტუაციის“ მოლოდინით ხსნის და მიიჩნევს, რომ კონტრპროდუქტიული იქნება.

მისივე თქმით, აქციზის გაძვირება მწეველების რიცხვს ვერ შეამცირებს და კიდევ უფრო გაზრდის ბაზარზე კონტრაბანდის წილს. ასევე, ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ემიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებაზეც აისახება.

„მსგავსი გადაწყვეტილება არაახალია და ამის კარგი მაგალითია რუსეთი - როდესაც სანქციების გამო კრიზისი დაუდგა, ამ გზას მიმართა. საქართველოს შემთხვევაში, იცით, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ყველა წყვეტს იმ ძირითად ფინანსურ ინიექციას გრანტის თუ სხვა შემოსულობების სახით, რაც საქართველოს ჰქონდა. ბუნებრივია, ეს პირდაპირ აისახება საქართველოს ბიუჯეტზე - ხარჯვითი და საშემოსავლო ნაწილის დაბალანსება შეუძლებელი გახდება, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თან წლის ბოლომდე რამდენიმე დღით ადრე.

ამას ჰქვია ე.წ. სწრაფი ფული თუ ეკონომიკურ ტერმინს თუ გამოვიყენებთ ანუ უნდათ სწრაფად მოახდინონ თანხის აკუმულირება სახელმწიფო ბიუჯეტში.

თამბაქოს ინდუსტრიას კარგად ვიცნობ; სხვადასხვა მულტინაციონალურ კომპანიაში ვიყავი გენერალური დირექტორი არა მარტო საქართველოში, არამედ რამდენიმე ქვეყანას ვმართავდი და ძალიან კარგად ვიცი, ამ კონკრეტული ქვეყნების კონიუნქტურა თუ მართვის მეთოდები.

[თამბაქოს] კომპანიებთან კავშირი მაქვს. სამწუხაროდ, ისინი კრიზისული მართვის რეჟიმში არიან გადასულები. ამოქმედებული კრიზისული რეჟიმის გეგმები - ყველა ძირითადი აქტორი, ვინც აქ ჰყავთ, გადის გარეთ, რადგან ქვეყანა არასტაბილური და საშიშია ანუ კონკრეტული ბიზნესების მართვისთვის ჰაბი საქართველო აღარაა და გადადის აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ზოგიერთს ცენტრი ერევანში გადააქვს“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის და სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდის შემდეგ, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდი ჯერიც დადგება.

„პირველ რიგში, მაღალი საშიშროების შემცველ პროდუქტებზე ზრდიან გადასახადებს და დარწმუნებული ვარ, მალე მიადგებიან ნავთობპროდუქტებს - ვგულისხმობ აქციზის გადასახადის გაზრდას. შემდეგი ნაბიჯი ეგ იქნება“, - აღნიშნა ზვიად სხვიტარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები