„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ემიგრანტების მიერ 2024 წელს გადმორიცხული ფული არა ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ იმ ოჯახებს ჩაერიცხათ, რომელთა ოჯახის წევრებიც არიან საზღვარგარეთ. ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების წარდგენისას, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის მიმართვას უმრავლესობის წევრმა.
რამდენად დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე?
უმცირესობის წევრმა კანონპროექტის მომხსენებელს მიმართა: „ემიგრანტების მიერ 2024 წელს გადმორიცხული თანხები 10 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის 40%-ია. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა არჩევანის თავისუფლებაა... ბევრ ემიგრანტს უბანზე მისვლის საშუალება არ მიეცათ, იმის მაგივრად რომ ვზრუნავდეთ ქვეყნიდან წასულ ადამიანებზე, რომლებზეც ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი დგას, გაუმარტივდეთ ხმის მიცემა, ამის ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო გადაწყვეტილებას. წლობით ვერ ჩამოდიან ეს ადამიანები ქვეყანაში საკუთარი შვილების სანახავად, იმიტომ რომ მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა“.
რაზედაც დავით მათიკაშვილმა პასუხი 2024 წელს გადმორიცხული თანხის მოცულობის კორექტირებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს ფული არა ბიუჯეტში, არამედ ოჯახებში ირიცხება.
„2024 წელს [ფულადი გზავნილების სახით] 11 მილიარდი არ გადმორიცხულა, გადმოირიცხა 3.3 მლრდ დოლარი ჩვენი ემიგრაციისგან, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია თანხაა და ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა, ეს ფული ჩაერიცხათ კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იმყოფებიან. ეს სავსებით გასაგებია ჩვენთვის რამხელა შრომასთან, რამხელა ენერეგიასთან არის დაკავშირებული ის, რომ იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში გზავნიან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილი და იქვე დასძინა, რომ ემიგრანტებისთვის არჩევნების მონაწილეობის შეზღუდვის გადაწყვეტილება გამართლებულია.
ცნობისთვის: ფულადი გზავნილები პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში არ ირიცხება, მაგრამ საქართველოდ ეკონომიკაში ფულადი გზავნილების წვლილი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი მილიარდობით ლარი ეკონომიკაში ბრუნავს ანუ საქართველოში იხარჯება, რაც ეკონომიკის ზრდასაც ეხმარება.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მშპ-ში ფულად გზავნილებს 12%-იანი წილი ჰქონდა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13%-ს აჭარბებდა. წელს, 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში $2.7 მილიარდი გადმორიცხეს, 2024 წელს – $3.4 მილიარდი, 2023 წელს კი, 4.1 მილიარდი დოლარი.




























