ინტეგრირებული კომუნიკაციის ექსპერტის, თინათინ სტამბოლიშვილის შეფასებით, ე.წ. რუსული კანონის მიღება საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება, რამდენადაც ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.
როგორც სტამბოლიშვილმა BMG-სთან აღნიშნა, გასულ წელს, პროტესტის შედეგად გაწვეული კანონი, სახელის მიუხედავად, არავის სჭირდება და მის ნეგატიურ გავლენაზე პარტნიორები მკაფიოდ მიგვითითებენ.
„ამ ყველაფერს ერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს, ესაა კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. დაბრუნება იქ, საიდანაც დიდი რისკის ფასად გამოვედით წინა წელს და ეს ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად დაუჯდათ იმ ახალგაზრდებს, ვინც აპროტესტებდნენ ამ კანონს. გვითხრეს, რომ უპირობოდ იწვევდნენ უკან და ახლა იგივე ტრენდზე აბრუნებენ ყველაფერს. ეს კანონი, რაც არ უნდა ვუწოდოთ, არავის სჭირდება. ჩვენი ყველა პარტნიორი ცალსახად გვეუბნება, რომ დამაზიანებელია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მედიისთვის და თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად კეთდება.
ბიზნესს რაც შეეხება, მთავარი რისკი, რაც შეიძლება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით ნეგატიურად აისახოს, არის ჩვენი ევროპული მომავლისკენ ზურგის შექცევა. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ევროპული კანონი და ამ კანონით ევროპაში ვერ შემოხვალთ. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება უარი ეთქვას ბიზნესის პროგნოზს ან გეგმას, ცივილიზებულ სამყაროში, განვითარებულ ეკონომიკებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელოვან დახმარებაზე, რასაც ბიზნესი ევროკავშირიდან, დასავლეთიდან იღებს. რეფორმა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიებში ეკონომიკის განსავითარებლად მიმდინარეობს თუ გაჩერდება, რასაკვირველია, დიდი დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის”,- განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლა მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ. შენობაში ვერ შევა ვერც ონლაინ მედიის და ვერც რადიოს ჟურნალისტი.