ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ამოქმედების გამო, ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას და მას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკანგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
როგორც პიტერ სტანო აცხადებს, ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და „იღებს მხოლოდ მათ, ვინც ფოკუსირებულია შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე“.
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკვე განაცხადა, „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ საქართველოსთვის 30 მლნ ევროს მოცულობის დახმარების გაყინვის შესახებ.