მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

€14 მლრდ EU-დან, საშუალო ხელფასი ₾3500, ₾1000-იანი პენსია - როგორია „ერთიანობა - ენმ”-ს საარჩევნო დაპირებები?

გიორგი ვაშაძე

ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ 5 წინასაარჩევნო პრიორიტეტი აქვს. კოალიციამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობას", "სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ევროპულ საქართველოს“ აერთიანებს, უკვე გააჟღერა წინასაარჩევნო დაპირებები სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, რომლებით ხელფასების და პენსიების მატებას, ევროკავშირისგან 14 მლრდ ევროს მიღება და არაერთ სხვა მიმართულებას აერთიანებს.

საარჩევნოდ 5 ნომრის გარშემო გაერთიანებული კოალიციის დაპირებებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ bm.ge-ის ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ესაუბრა.

1. კი ევროპას!:

  • ევროკავშირის პასპორტი;
  • €14 მლრდ ევროპული მხარდაჭერა;
  • უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან.

გიორგი ვაშაძე რეალისტურად მიიჩნევს საქართველომ 2025-2030 წლებში ევროკავშირისგან 14 მლრდ ევროს დახმარება მიიღოს. მისი თქმით, სწორედ ეს თანხა სჭირდება ქვეყანას განვითარებით ევროპულ დონემდე მისასვლელად. ვაშაძის განმარტებით, დახმარების 80-90% გრანტი იქნება, დანარჩენი კი სხვადასხვა მექანიზმებით (უპროცენტო, 1-2%-იანი სესხი ბიზნესისთვის და ა.შ.) ამ თუ იმ სექტორის განვითარებას მოხმარდება.

ევროკავშირისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გაფართოება იქცა. შესაბამისად, არის ბევრი დისკუსია, რომ უნდა გამოიყოს თანხები, რათა სწრაფად მოხდეს ქვეყნების ეკონომიკის ევროპულ სტანდარტთან გათანაბრება. 250 მილიარდი ევროს გამოყოფაზეა არის სხვადასხვა, მათ შორის საჯარო დისკუსიები, კანდიდატ და გაწევრიანების მოლაპარაკებებში მყოფი ქვეყნებისთვის. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 14 მილიარდი ევრო სჭირდება საქართველოს, რომ 2030 წლისთვის განვითარების ევროპულ ნიშნულზე ვიყოთ. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად რეალურია ამ 250 მილიარდი ევროდან და დამატებითი თანხებიდან, რომლებიც ამ მიმართულებით დაიხარჯება, ჩვენ მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო. ეს რომ რეალისტურია ამის კონკრეტული მაგალითიც არსებობს. მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებისთვის ცალკე ფონდი შეიქმნა 30 მილიარდი ევროს ღირებულების, რომელსაც შემდეგ კიდევ დაემატა თანხა. იგივე ლიტვამ 2001-2005 წლებში დაახლოებით 14 მლრდ ევრო მიიღო, დაახლოებით 220 მლრდ ევრო მიიღო პოლონეთმა და ა.. ესაა მიდგომა, რომელიც ევროკავშირს აქვს, თუ საკითხი პრიორიტეტულია, ის ამ თანხებს გამოყოფს კონკრეტული ქვეყნებისთვის. ამასთან, მოკლე ვადაში პრიორიტეტულია საქართველოს გაწევრიანება, თუ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ და ხელისუფლებას შევცვლით. ჩვენ [“სტრატეგია აღმაშენებელი“] ALDE- (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის) წევრები ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ის (ევროპის სახალხო პარტიის) და ამაზე პირდაპირი დისკუსია გვაქვს“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, ძირითადი მიმართულებები, რაზეც აღნიშნული 14 მლრდ ევრო დაიხარჯება შემდეგია: ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა (გზები, აეროპორტები, პორტები, შავი ზღვის ინფრასტრუქტურა და ა.შ.), ენერგეტიკის სექტორი, ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საწარმოო პოტენციალის განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის ჩამოყალიბება, ურბანული განვითარება და ა.შ.

2. შემოსავლების ზრდა:

  • საშუალო ხელფასი 3 500 ლარი, მინიმალური ხელფასი 1 500 ლარი;
  • 300 ლარიანი საბაზისო დანამატი სოფლად მცხოვრებთა და დევნილებისთვის;
  • გარანტირებული საპენსიო დანაზოგი ემიგრანტებისთვის, მიხეილ სააკაშვილის ფონდი - 1 მლრდ ევრო ემიგრანტების დასაბრუნებლად.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, 14 მილიარდიან რესურსზე წვდომა და ინვესტიციების მოზიდვა ის მიმართულებებია, რაც 2028 წლისთვის, ქვეყანაში საშუალო ხელფასს 3 500 ლარამდე გაზრდის

„ვფიქრობთ, 2028 წლისთვის აბსოლუტურად რეალისტურია, რომ საქართველოში იყოს 3 500 ლარი საშუალო ხელფასი და 1 500 ლარი მინიმალური ხელფასი. 2028 წლისთვის 1 500 ლარიანი სამსახური ამ ქვეყანაში პრობლემა აღარ იქნება. ჩვენ კანონის მიღებას კი არ ვაპირებთ, რომ 1 500 ლარი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი, არამედ ჩვენ არ ვთვლით დასაქმებულად, სამუშაო ადგილით უზრუნველყოფილად ადამიანს, თუ მისი ხელფასი 1 500 ლარზე ნაკლებია. ახლა ასობით ათასი ადამიანი ითვლება დასაქმებულად, რომელთა ხელფასი 100, 200, 500 ლარია. ხომ ყველას გვესმის, რომ 500 ლარად ვერ იცხოვრებ ამ ქვეყანაში. ასე ვთქვათ, ჩვენ ვაწესებთ მინიმალურ სტანდარტს და სტატისტიკის დეპარტამენტი, რომ გამოაქვეყნებს, რომ 1 500 ლარს ქვემოთ ხელფასი აქვთ ადამიანებს, ეს ჩვენთვის არის უმუშევარი ან უმუშევართან მიახლოებული. 1 500 ლარს ზემოთ ჩავთვლით, რომ ჩვენი დაპირება, რასაც საზოგადოებას ვაძლევთ შევასრულეთ, რომ შევქმენით იმდენი სამუშაო ადგილი, რომ მინიმალური ხელფასი 1 500 ლარია, საშუალო - 3 500 ლარი. სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ მუშაობას ვაპირებთ. გვაქვს კონტაქტები მსხვილ კომპანიებთან, დიდ ბრენდებთან, რომლებიც შეგვიძლია საქართველოში შემოვიყვანოთ“,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას, გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ნაწილში ევროკავშირს აქვს სპეციალური ფონდები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობები. სწორედ მოზიდული საგარეო რესურსების და ბიუჯეტის თანხებით იგეგმება ამ მიმართულების დაფინანსება. კიდევ ერთი ინიციატივა ემიგრანტებისთვის საპენსიო ანგარიშების გახსნას უკავშირდება.

„საპენსიო ანგარიშს გავუხსნით და მათ მიერ გადმორიცხული თანხის 2% ბიუჯეტიდან გადაერიცხებათ ამ ანგარიშზე. ღიად რომ ვთქვათ, ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზე ცხოვრობს ახალ ქვეყანა და ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება მათაც ჰქონდეთ საპენსიო ანგარიში“,- განმარტავს გიორგი ვაშაძე.

3. პენსიონერების დაცვა:

  • 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე საპენსიო სესხების ჩამოწერა;
  • 1 000-ლარიანი პენსია პენსიონერებისთვის, შშმ პირებისა და ომის ვეტერანებისთვის;
  • მედიკამენტების სუბსიდირება პენსიონერებისთვის.

გიორგი ვაშაძის თქმით რესურსი, რომელიც საპენსიო სესხების ჩამოწერისთვის არის საჭირო, სახელმწიფო ბიუჯეტში დღესაც არსებობს. მისი განმარტებით, საუბარია დაახლოებით 350 მილიონ ლარზე, თუმცა ბანკთან მოლაპარაკებით, ეს თანხა სრულად არ იქნება გადასახდელი.

საპენსიო სესხების ნაწილში 350-დან 400 მილიონამდე ლარზე არის საუბარი. მაგალითად გასულ წელს, ორჯერ გაიზარდა მილიარდით ბიუჯეტი წლის ბოლოსკენ. ორივეჯერ ვთხოვდით, გაეთვალისწინებინათ ეს თანხა და ერთჯერადად მომხდარიყო გასტუმრება ამ უსამართლო პირობებით გაცემული სესხების. ამის თანხა დღესაც არის ბიუჯეტში. დაახლოებით 1-1.5 მლრდ ლარის დამატებითი რესურსი ბიუჯეტში , წლის ბოლო კვარტალში იქნება და აქედან გავისტუმრებთ“,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება პენსიების 1 000 ლარამდე მატებას, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ამ დაპირებასთან მიმართებით საუბარია 4-წლიან ვადაზე. ვაშაძის თქმით, ევროკავშირიდან მიღებული თანხები, მათ შორის, ბიუჯეტიდან ფინანსებს გამოათავისუფლებს, რაც სოციალური მიმართულებით შეიძლება დაიხარჯოს.

„14 მლრდ ევრო, ევროკავშირში გაწევრიანება, დემოკრატიული რეფორმები ორ კომპონენტს უზრუნველყოფს. ერთი, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები გვექნება და მეორე, ეს 14 მლრდ ევრო ბევრ ხარჯს გამოგვითავისუფლებს ბიუჯეტიდან, რომელიც შეგვიძლია სოციალური მიმართულებით მივმართოთ“,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

4. ძლიერი ოჯახი:

  • ყოველთვიური დახმარება ახალშობილებისთვის - 1 წლის განმავლობაში, პირველ შვილზე 500, მეორეზე 1 000, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1 500. ყველა ბავშვის უზრუნველყოფა ხარისხიანი საბავშვო ბაღითა და უფასო კვებით;
  • მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 2 000 ლარი, ბინები დამსახურებულ მასწავლებლებს, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი და ბინის ქირის სუბსიდირება.

გიორგი ვაშაძის თქმით, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად რესურსების მოზიდვა ევროკავშირის 14 მილიარდი ევროს დახმარების ფარგლებშიც შესაძლებელია. მისი განმარტებით, პირველივე წელს მინიმუმ 100 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით.

„გვინდა, რომ ძალიან სწრაფად, 2-3 წელში, ინფრასტრუქტურა უზრუნველვყოთ. ჩვენი მიზანია, თვითონ საუნივერსიტეტო ცხოვრების სტილი შევცვალოთ. ყველა რეგიონის ცენტრში, სადაც უნივერსიტეტებია, ვაპირებთ ამის გაკეთებას. ასეთი მიდგომა გვაქვს: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, კამპუსი და საერთო საცხოვრებელი ინტეგრირებული ტექნოლოგიებით. ეს უნდა იყოს დიდი ახალგაზრდული სივრცეები, სადაც კოლაბორაციის შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდებს ერთმანეთთან. ამას, როგორც დიდი პროექტების ძალიან სერიოზული განვითარების ნაწილს, ისე ვუყურებთ. მაგალითად, იგივე ევროკავშირთან კვალიფიციური მუშახელის მიმართულებით თანამშრომლობის ნაწილში“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება უფასო კვების პროგრამას, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არის და უფასო კვება 1-ელი იანვრიდანვე გახდება ხელმისაწვდომი.

„არაერთხელ მოვძებნეთ არსებულ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები, უბრალოდ ხანდახან მგონია, რომ ჯიუტად და პრინციპულად არ იწყებენ ამ პროგრამას“,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით, გარდა პირდაპირი ფინანსური დახმარებისა, კოალიციას არაერთი ინიციატივა ექნება დემოგრაფიული გამოწვევების გადასაჭრელად.

5. ფასების მაფიის დასრულება:

  • მონოპოლიების დასრულება ყველა სფეროში, საბანკო პროცენტების განახევრება;
  • სახელმწიფო ადმინისტრაციულ მომსახურებაზე ფასებისა და არსებული ჯარიმების განახევრება;
  • მეტი ქართული წარმოება, საწარმო ყველა რეგიონში, 1-მილიარდიანი ევროკავშირის სუბსიდია სოფლის მეურნეობისთვის.

გიორგი ვაშაძის თქმით, საბანკო პროცენტების შემცირების გეგმა ლარიზაციის პოლიტიკის გაუქმებას და ევროპული ბანკების შემოყვანის გზით, სექტორში კონკურენციის ზრდას უკავშირდება.

„საბანკო სექტორში ოლიგოპოლიაა ჩამოყალიბებული და ამას განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ორი მიმართულებით. ერთი, რომ ბანკის საქართველოში შემოსვლა არის რთული და მეორე, რომ ლარიზაციამ ახალი, ევროპული ბანკების საქართველოში შემოყვანას შეუშალა ხელი, ასევე გაგვიძვირა სესხი. ლარში გაიძულებს სახელმწიფო, რომ აიღო სესხი, რომელიც არის 15-18-20%-იანი, მაშინ, როდესაც ევროში სესხი შესაძლოა მაქსიმუმ 2-3-5%-ად აიღო. ამიტომ, ჩვენ ლარიზაციის გაუქმებას ვაპირებთ აუცილებლად, საბანკო სისტემის ლიბერალიზაციას ვაპირებთ და ვაპირებთ, რომ ბევრი ევროპული ბანკი შემოვიყვანოთ, კონკურენცია გავზარდოთ, რითაც თავისთავად დავწევთ პროცენტებს. რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, იაფ ფინანსურ რესურსზე გვექნება წვდომა, რომელსაც მოვიზიდავთ და ცხადია, ამის გადასესხება უფრო იაფი იქნება ბანკებისთვის. აბსოლუტურად რეალისტურად ვხედავ, რომ საქართველოში 4-5%-ზე ჩამოვიდეს სესხის პროცენტი მომდევნო 3-4 წელიწადში“,- განმარტავს გიორგი ვაშაძე.

მისივე განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი ადმინისტრაციული ჯარიმები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს, ამიტომ უნდა შემცირდეს.

„არ შეიძლება ჯარიმა იყოს არათანაზომადი შემოსავლებთან. ევროპაში ჯარიმა ადამიანის შემოსავლების პროპორციულად გაითვლება. ჩვენთან 3000, 3500 ლარიც კი არის ჯარიმები. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში არათუ უნდა განახევრდეს, მესამედი უნდა იყოს. არ შეიძლება ასეთ ღარიბ ქვეყანაში ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარს იღებდეს ბიუჯეტი ყოველწლიურად ჯარიმებიდან. ამ უსამართლობას აუცილებლად შევცვლით. ასევე, უამრავ ადამიანს აქვს ჯარიმები, რომლებსაც ვერ იხდის და ეს უნდა ჩამოვწეროთ“,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

როგორც გიორგი ვაშაძემ bm.ge-სთან განაცხადა, უკვე გაჟღერებული დაპირებების და 5 ძირითადი პრიორიტეტის მიღმა, არის სხვა, მათ შორის, ლოკალური პროგრამები, რომელთა საზოგადოებისთვის წარდგენა ეტაპობრივად მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები