მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი თავისკენ ძალით არავის ექაჩება, ეს რუსეთი გვექაჩება - გიორგი ბადრიძე

გიორგი ბადრიძე

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარ გიორგი ბადრიძის შეფასებით, ქართველი ამომრჩევლისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი გზავნილი ძალიან მარტივია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვების პირობებში ევროკავშირისკენ საქართველოს გზა დასრულებულია“.

ამის შესახებ დიპლომატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.

ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ივანიშვილის სანქცირებასაც ითვალისწინებს

„ხელისუფლების მისამართით ევროპარლამენტის რეზოლუციის გზავნილი არის ძალიან მარტივი, რომ იმ კურსით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია - ძალაუფლების ვერტიკალის რუსული პოლიტიკური სისტემის მსგავსი სისტემის მშენებლობა საქართველოში - პირდაპირ ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ კურსს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ვგულისხმობ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც ვხედავთ და ეს არის „რუსული კანონის“ მიღება, ოპოზიციის დევნა, თავისუფალი მედიის დევნა და ასევე, თავისუფლების ერთადერთი დარჩენილი სივრცის - არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის დევნა, რომელსაც პირდაპირ ივანიშვილი ვერ აკონტროლებს.

რაც შეეხება ევროპარლამენტის გზავნილებს ქართველი ამომრჩევლისთვის - არავინ არავის არ აშინებს. ევროკავშირი არავის არ ექაჩება თავისკენ. პირიქით უამრავი წინაპირობა არის გადასალახი იმისთვის, რომ ევროკავშირმა თავის ბლოკში მიგიღოს. ეს რუსეთი გვექაჩება ძალით თავისკენ. გვახსოვს 1994 წელს, ომის შედეგად შეგვათრიეს დსთ-ში და ახლა ლუკაშენკოს გაახსენდა, კარგი იქნება თუ დსთ-ში დაბრუნდება საქართველო ანუ უნდათ 90-იან წლებში დაგვაბრუნონ... ამდენად, ევროპული პარლამენტის გზავნილი ქართველი ამომრჩევლისთვის ძალიან მარტივია - ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს გზა ევროკავშირისკენ დასრულებულია; ის იქნება იზოლირებული თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან და რუსეთის ბოროტი ნების წინაშე, ერთ-ერთზე დარჩება“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

ამასთან, დიპლომატმა „წერტილთან“ ინტერვიუში მმართველი პარტიის ნარატივზე პასუხად, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, განმარტა, რატომ არის ევროპული ინსტიტუტების ვალდებულება, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე განცხადებების გაკეთება.

"ევროკავშირი არ დასდევს ქვეყნებს და არ ეუბნება ხელისუფლებებს - „შენ ასე და ასე რატომ იქცევიო“, მაგრამ ევროკავშირის ელჩის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ასევე ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების ვალდებულებაა, იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატები არიან, უთხრას, რომ ქმედებები, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და კურსი, რომელიც გაქვთ აღებული, არ მიდის ევროკავშირის წევრობისკენ... ისინი გვეუბნებიან - თქვენ მოითხოვეთ ევროკავშირის წევრობა, თქვენ მოითხოვეთ კანდიდატის სტატუსი, თქვენ გიწერიათ კონსტიტუციაში, რომ საქართველოს სახელისუფლებო შტოების ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის და რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება - დიახ, ამის თქმა ევროკავშირის ინსტიტუტების ვალდებულებაა“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები