მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპარლამენტის რეზოლუცია ინდიკატორია იმისა, თუ რას ფიქრობენ ევროპის შიგნით - გიორგი მელაშვილი

გიორგი მელაშვილი

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ინდიკატორია იმისა, თუ რას ფიქრობენ პოლიტიკური ძალები ევროპის შიგნით, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გიორგი მელაშვილმა ისაუბრა.

შეგახსენებთ, 13 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკომისიას ივანიშვილის გარდა, მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდა.

გიორგი მელაშვილის განმარტებით, აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარი ჩარჩოა, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სახელმძღვანელოს სთავაზობს, რომლითაც, ერთი მხრივ, კონკრეტული სანქციების დაწესება მოხდება, თუნდაც ეროვნული დონეზე. ხოლო, მეორე მხრივ, ეს რეზოლუცია მკაფიო გზავნილია, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან არის გაჟღერებული.

„რეზოლუცია არის ერთგვარი ჩარჩო დოკუმენტი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც სურთ საქართველოში დადებითი ცვლილებების მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს [სასანქციო] სია არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფოები იხელმძღვანელებენ", - ამბობს მელაშვილი.

მისივე განმარტებით, საქართველოში ევროპარლამენტთან მიმართებით ორაზროვანი დამოკიდებულება არსებობს, თითქოსდა ეს ინსტიტუცია არაფერს წყვეტს, რაც ცხადია სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქართველოში ევროპარლამენტთან მიმართებით ცოტა ორაზროვანი დამოკიდებულება გვაქვს, რომ ვითომ არაფერს არ წყვეტს და არაფერს არ ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ეს არის პირდაპირი ინდიკატორი, თუ რას ფიქრობენ პოლიტიკური ძალები ევროპის შიგნით.

ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ოჯახმა, 400-მდე დეპუტატმა ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. უზარმაზარი მხარდაჭერაა და ეს მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროპარლამენტში არიან წარმოდგენილი, თანხმდებიან იმაზე, რაც ამ რეზოლუციაში წერია. ანუ პარტიები მთელი ევროპის მასშტაბით თანხმდებიან, აქვთ კონკრეტული საერთო პოზიცია შემუშავებული, რომლის წარდგენასაც ევროპარლამენტი ახდენს“, - განაცხადა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, ამ სიაში მოხვედრილი ადამიანების შესაძლებლობები ვიწროვდება და საფრთხეა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, DCFDA და ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს.

"ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება, DCFDA და ვიზა ლიბერალიზაცია - ეს სამი რამ შეიძლება იმ შემთხვევაში შეწყდეს, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს იმ კურსს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით”, - აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები