მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპელ ტუროპერატორებს აქვთ კითხვები - მათ უნდათ დაცულობა და ხარისხი, რითაც ნამდვილად ვერ დავიკვეხნით" - ია თაბაგარი

თაბაგარი

ე.წ რუსული კანონის გარშემო საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპელი ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ. სასტუმროების ფედერაციის ინფორმაციით, ჯავშნები ძირითადად დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე სასტუმროებში გაუქმდა.

ტურიზმის ანალიტიკოსი, ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ბორდის წევრი "რედაქტ2"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპელ ტუროპერატორებს აქვთ შეკითხვები, რამდენიმე ჯგუფმა კი ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლა ერთი წლით გადადო.

„ბოლო ერთი კვირაა ფაქტობრივად უამრავი შემომყვანი ტურისტული კომპანია იმითაა დაკავებული, რომ პასუხები გასცენ კითხვებს. ევროპელ ტუროპერატორებს აქვთ შეკითხვები. ვინც კარგად იცნობს ამ სფეროს, იცის, რამდენად მგრძნობიარეა ევროპული ბიზნესი, რომელსაც ქვეყნის და ევროპის გარეთ გაჰყავს ხალხი და უშუალოდ ადამიანებზე აგებს პასუხს. ბუნებრივია, მათ უნდათ ყველაზე მაღალი დონე, ეს არის დაცულობა და ხარისხი. სამწუხაროა, ამით ჩვენ ახლა ნამდვილად ვერ დავიკვეხნით", - განაცხადა ია თაბაგარმა.

მისივე თქმით, დაახლოებით 10 წელია ცდილობს, რომ საქართველო საცხენოსნო ტურიზმის მიმართულება იყოს, რაც ძალიან ნელი პროცესი იყო. "როგორც იქნა წელს მივაღწიეთ მოლაპარაკებებს ევროპელებთან, რომელიც ივლის-აგვისტოს თვეებს ეხებოდა. ვერ ვამბობ, რომ ხალხი ვერ მოაგროვეს, თუმცა უსაფრთხოება ნამდვილად ახსენეს. თქვეს, რომ დავიცდით და შემდეგ წელს დავილაპარაკოთო.

დაახლოებით ბოლო 4-5 წელია მუდმივად ამ პროცესში ვართ, რაც არის ძალიან ცუდი, რადგან ქვეყანას არ გვაქვს მკაფიოდ გამოკვეთილი სტრატეგია: ევროპაა, რუსეთია თუ ახლო აღმოსავლეთია და რას ვაკეთებთ შედეგიანად იმისთვის, რომ გავხადოთ ეს პროცესი სიცოცხლისუნარიანი.

საქართველოში გადაბმულად 4-5 წელი რომ იყოს მშვიდობიანი პერიოდი ბიზნესისთვის, კარგი გარემო, ასეთი წლები ბოლო 20 წლიან ისტორიაში 1 ან 2 შემთხვევა იყო ასეთი. ამით ბიზნესი ვერ იქნება ვერასდროს მდგრადი. ამ რეალობით, რაც ახლა გვაქვს, ვერ წავალთ წინ“, - აცხადებს ია თაბაგარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები