Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, ევროპელი ტურისტი საქართველოში ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ რეგიონს სტუმრობს და მისი მთავარი ინსპირაციის წყარო Word of Mouth-ია.
საინვესტიციო ბანკის რეკომენდაციაა, რომ ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის, პირდაპირი ფრენების ზრდასთან ერთად, შიდა ინფრასტრუქტურის და სერვისის ხარისხი უნდა განვითარდეს.
მათი ინფორმაციით, 2024 წელს ევროპის ქვეყნებთან ფრენების ზრდა ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან ბიუჯეტური ავიახაზების ხარჯზე მოხდა. 2025 წელს კი, თბილისიდან პირდაპირი რეისების გაზრდამ ტურისტულ ნაკადებზე უკვე პოზიტიურად იმოქმედა.

Galt & Taggart-ის სექტორის უფროსის შეფასებით, აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ევროპელებს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. ამიტომ თათია მამრიკიშვილი ყველა მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაზე და მათთვის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩემი აზრით, აზიური ბაზრის ტურისტები, ევროპული ქვეყნების ტურისტებს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ამ მიმართულებებიდან ტურისტების ინტერესები განსხვავდება. გლობალურად, ჩინელები ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველი ტურისტები არიან, თუმცა ჩვენთან შემოსული ტურისტების საშუალო ხარჯი ჩინელი ტურისტების მიერ გლობალურად გაწეულ საშუალო ხარჯს ჩამორჩება. ჩინეთი და ინდოეთი მასშტაბურობის გათვალისწინებით, იმდენად მასიური ბაზრებია, შეიძლება იმ სეგმენტების ნახვა, რომელიც ჩვენ მოგვესადაგება. ამასთან, საქართველოს სჭირდება ევროპელი ტურისტებიც, რადგან მათი ინტერესები სხვა არის და ისინი სექტორს ბევრი კუთხით ავითარებენ. ახალ ბაზრებთანაც გვჭირდება თანამშრომლობა, რადგან ჩინეთიდან და ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები გლობალურად ყველაზე სწრაფად იზრდება და ეს ტენდენცია ბუნებრივია ყველა ტურისტულ ქვეყანაზე აისახება. შესაბამისად, ამ ქვეყნების მიმართულებით გარკვეული სტრატეგიები უნდა შევიმუშაოთ“, - განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჯამში 201 986 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 10.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ვიზიტებით პირველ ათეულ ქვეყანაში ვერ მოხვდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით კი, წელს, პირველ 6 თვეში ტურიზმიდან მიღებული 2 მილიარდი დოლარის შემოსავალში ევროკავშირიდან 277 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება. შესაბამისად ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი 1371 დოლარი იყო.



























