„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოვლენები ქვეყანას მხოლოდ ზიანს მოუტანს.
როგორც მან „ანალიტიკა“–სთან საუბრისას განაცხადა, ევროპელ პარტნიორებს უჩნდებათ კითხვა, რატომ აწყობს საქართველოს ხელისუფლება იმპიჩმენტის პროცედურას იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომლის ხმაც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ხმამაღალია.
„როდესაც ეს პროცესი დაიწყო ქვეყნისთვის ნეგატიური იყო. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროპელ დიპლომატებთან , მკვლევრებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ეს სხვა დროშიც, რომ მომხდარიყო ქვეყნისთვის მაინც დამაზიანებელი იქნებოდა, რადგან საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტის პროცესს უწყობენ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების განხორციელებისთვის - ჩემთვის მან თავისი მოვალეობები შეასრულა.
მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტია, რადგან ნოემბერს ევროკომისიამ ანგარიში უნდა გაავრცელოს გაფართოებასთან დაკავშირებით: საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით.
ამ დრომდე ვისაც შევხვდით და ვისგანაც პოზიციები მოგვისმენია, ყველასთვის გაურკვეველია, რატომ კონკრეტულად ამ თემაზე და რატომ დაიწყო ახლა საქართველოს ხელისუფლებამ იმპიჩმენტის პროცედურა იმ პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომლის ხმაც ყველაზე ხმამაღლა ისმის ხელისუფლებიდან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
ეს ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანის და ნეგატიურის მომტანია“,- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.