მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსისტის 22 კითხვა $6.6-მილიარდიან პროექტზე|რატომ ირჩევს ნიკა შურღაია ადრესატად ილია II-ს?

ნიკ შურღაია

ფინანსისტ ნიკა შურღაიას Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიან საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც თბილისსა და აჭარაში ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, 22 კითხვა აქვს.

ფინანსისტის კითხვები, ძირითადად, საინვესტიციო პროექტის გამჭვირვალობასა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას შეეხება.

მთავრობამ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" მოიწონა - პირობები კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალა

EMAAR "გაქრა", საქართველოს სახელმწიფო "გაჩნდა" - $6.6 მილიარდიანი ინვესტიცია თუ პოტენციური ფისკალური ტვირთი?

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ პროექტზე საუბრისას განაცხადა, ნიკოლოზ შურღაია ითხოვს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობასა და არაბ ინვესტორს შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებების, ნებართვებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ, რათა საზოგადოებამ და დაინტერესებულმა პირებმა პროექტის სარგებლისა და რისკების შეფასება შეძლონ.

22 კითხვა $6.6-მილიარდიანი პროექტის შესახებ:

  1. გთხოვთ, გაასაჯაროეთ საქართველოს მთავრობის, მისი შემადგენელი ნაწილების, სახელმწიფო საწარმოების და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ “იგლ ჰილსთან”, მის შემადგენელ ნაწილებთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, გაცემული ნებართვები (სამშენებლო, გარემოზე ზემოქმედების და სხვა) და საპროექტო ინფორმაცია, რაც მათ მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ნებართვების გასაცემად;
  2. იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციის პირდაპირ გასაჯაროების საშუალებას არ გაძლევთ კანონმდებლობა, ან კომერციული საიდუმლოება, გაასაჯაროეთ მაქსიმალურად შესაძლო ინფორმაცია რაც ფართო საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს პროექტის შესაძლო სარგებლიანობა და ზიანი ქვეყნისთვის, პირადად იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც პროექტი პირდაპირ ან ირიბად ეხება ან შეიძლება შეეხოს როგორც სარგებლის ისე ზიანის მიღების თვალსაზრისით;
  3. გთხოვთ, აგვიხსენით რა მოსაზრებებით დათანხმდით ინფორმაციის კომერციულად გასაიდუმლოებას, ვიდრე საზოგადოებასთან კონსულტაციას გაივლიდით, კონკრეტულად რა ინფორმაცია არის კომერციულ საიდუმლო და მთლიანი ინფორმაციის რა ნაწილის გაზიარების უფლება დაგრჩათ ხელშეკრულების თანახმად, რაც კომერციულ ინფორმაციაში არ შედის;
  4. გთხოვთ, მოძებნეთ საუკეთესო ფორმა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადეთ ისეთი ინფორმაცია, რაც გონივრულად შესაძლებელს გახდის პროექტის მიზანშეწონილობის, რისკების და შესაძლო მავნე ზემოქმედების შეფასებას;
  5. გთხოვთ, გაასაჯაროეთ თბილისში და ბათუმის სიახლოვეს დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ამ პროექტებზე გადაწყვეტილების მისაღებად სამსჯელოდ მომზადებული დოკუმენტები;
  6. რა ოდენობის და ტიპის ინვესტირება, ხარჯების გაღება და შემოსავლის მიღება არის გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ამ პროექტებიდან გამომდინარე, რისთვის და როდის?
  7. კიდევ რა ქართული ორგანიზაციები, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეებთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირები მიიღებენ შემოსავალს ამ პროექტებიდან, რა ოდენობით, რისთვის და როდის?
  8. რა სხვა ქმედებებს, შეთანხმებებს და გარიგებებს ჰქონდა ადგილი “იგლ ჰილსთან” ან მათთან დაკავშირებულ მხარეებთან რასაც შეიძლება საქართველოს სახელით გადაწყვეტილების მიმღებთან მოტივაციაზე ემოქმედა?
  9. რა უფლებები ექნება “იგლ ჰილსს”, მასთან დაკავშირებულ კომპანიებს და სხვა უცხოურ ან უცხოელი მფლობელების კომპანიებს იმ მიწებზე რაც გათვალისწინებული პროექტში, მათ შორის ამ ტერიტორიის ფლობასთან, იჯარით აღების ვადებთან, იმ ტერიტორიაზე მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით?
  10. რა უფლებები ექნება საპროექტო ტერიტორიებზე ქონების შემძენ უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღების ან საცხოვრებელი ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს მდგომარეობა მომავალში ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე?
  11. ვინ გასცა, გასცემს ან შეუძლია გასცეს სამშენებლო და სხვა სახის ნებართვები ამ პროექტებთან დაკავშირებით?
  12. ვის და როგორ შეუძლია მომავალში შეცვალოს ეს ნებართვები და რა შედეგები ექნება ამ ნებართვების შეცვლას თუ ის გაზრდის ან შემცირების მხარეს არის?
  13. როგორ შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ პროექტი და გაცემული და გასაცემი ნებართვები არ შეიცვალოს მომავალში საზოგადოებასთან ჯეროვანი კონსულტაციის გარეშე?
  14. რა ოდენობის ფართობის მშენებლობაზეა გაცემული ნებართვა, რა ფართის მშენებლობისთვის არის წარმოდგენილი ნებართვის მოთხოვნა?
  15. რამდენად შეესაბამება ამ პროექტთან დაკავშირებული დაუმთავრებელი მშენებლობის გაყიდვა და მასთან დაკავშირებული სესხების აღება ან გაცემა საქართველოს კანონმდებლობას და იმ წესებსა და ნორმებს რაც დაწესებულია საქართველოში მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის?
  16. რა ქმედითი მექანიზმები აქვს სახელმწიფოს და რა მიდგომა აქვს შემუშავებული მშენებლობაზე დასაქმებულთა მოქალაქეობის კონტროლთან და მასზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ანუ, სამუშაო ადგილზე რომ საუბრობენ სახელმწიფოს წარმომადგენლები ვისთვის შეიქნება ეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ათიათასობით უცხოელისთვის?
  17. რა სტატუსი აქვს კრწანისში სახელმწიფო მიწას ამჟამად? რაიმე იურიდიული პირის წილშია ის შეტანილი? რა სარგებლობის უფლებით არის გაცემული?
  18. თუ წილშია შეტანილი, რამდენად შეფასდა მიწა, ვინ შეაფასა და არაბულმა მხარემ რა შენატანი გააკეთა? ვის რა წილი აქვს იურიდიულ პირში?
  19. რა იურიდიული სტრუქტურაა (კომპანია) ის ვის წილშიც შესაძლოა შევიდა ან გაზრახულია რომ შევიდეს ქართული მიწა? რა ქმედითი მექანიზმები აქვს სახელმწიფოს რომ უკან დაუბრუნოს ეს მიწა, ან მთლიანად ის კომპანია სადაც მიწა წილში შევიდა?
  20. კომპანიის აქციონერის/პარტნიორის სტანდარტულ უფლებებზე აღმატებული რა უფლებები აქვს საქართველოს ამ კომპანიის წესდებით და დამფუძნებელთა შეთანხმებით?
  21. რა ბიზნეს-გეგმა, მომგებიანობის მოლოდინი, დაფინანსების გეგმა (კაპიტალის და სესხების მოზიდვა) აქვს ამ კომპანიას დაგეგმილი?
  22. როგორ ინიშნება და ვინ არის საქართველოს წარმომადგენელი ამ კომპანიის მართვა-გამგეობაში?

აღნიშნული კითხვები ნიკოლოზ შურღაიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ასევე დაწერა, რომ აპირებს, აღნიშნული კითხვები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს და წმინდა სინოდის წევრებს გაუგზავნოს. ფინანსისტი გეგმავს, 12 ნოემბრიდან, რუსთაველის გამზირზე შეაგროვოს მოქალაქეების ხელმოწერები, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილს თან დაურთავს.

„პროექტის შესახებ არსებული მცირე ოდენობის ინფორმაცია მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეუსაბამობებს წარმოაჩენს. ამ მონაცემებით, პროექტი ან წამგებიანად არის ჩაფიქრებული, ან რეალური ჩანაფიქრი განსხვავდება გაჟღერებულისგან. საერთოდ არ წარმოჩენილა ინფორმაცია რისკებზე, საზოგადოებაზე და გარემოზე შესაძლო მავნე ზემოქმედებაზე. დამაფიქრებელია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდა საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე და გასაიდუმლოვდა. თუ იქ ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ არის, გაუგებარია, რა მიზეზით არ მოხდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, რაც არ უნდა იყოს კომერციული საიდუმლო, გასაჯაროება და საზოგადოებასთან კონსულტაცია“, - წერია საპატრიარქოსთვის გასაგზავნი წერილის პროექტში.

"რატომ გადაწყვიტეთ ილია მეორისთვის მიმართვა, როცა „ოცნების“ ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს მიენიჭა „საინვესტიციო ხელშეკრულებისა“ და „აქციონერთა შეთანხმების“ საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება? - ჰკითხა „წერტილის“ წამყვანმა ნიკოლოზ შურღაიას:

- დე ფაქტო ხელისუფლება დიდი ხანია, აღარ გვისმენს და რადგან ჩვენ არ გვისმენს, იქნებ საპატრიარქოს, წმინდა სინოდს, კათალიკოს-პატრიარქს მოუსმინოს...

- შუამდგომლობას სთხოვთ ილია მეორეს?

- საპატრიარქო ღმერთის სამსახურშია და ზოგადად, მათი სულიერი სამყაროა მათი სივრცე. ამავე დროს, საუკუნეების მანძილზე საქართველოს საპატრიარქო იყო საქართველოს სამსახურში და ენა, მამული, სარწმუნოება, ილიას მიერ ჩვენთვის შეხსენებული სამი საუნჯე, რომელიც გვაქვს, ამის განმახორციელებელი და მხარდამჭერი იყო საქართველოს საპატრიარქო, სულ მცირე დეკლარაციის დონეზე... ახლა ძალიან დიდი განსაცდელი აქვს ქვეყანას და ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია ანუ ეს არ არის უბრალოდ ისეთი საკითხი მხოლოდ, რომელიც შეიძლება, მხოლოდ „ლიბერალებს აწუხებდეთ“. ეს საკითხი უნდა აწუხებდეს მათ, ვისაც საკუთარი თავი კონსერვატორად მიაჩნია და მთავარი პრიორიტეტი არის ქართველობის და იდენტობის დაცვა...

- ამიტომაც გადაწყვიტეთ ადრესატად ილია მეორეს შერჩევა?

- უწმინდესი და უნეტარესი ფიზიკურად დაუძლურებულ მდგომარეობაშია... ეს პროექტი [კითხვები] მოვამზადე და ვფიქრობ, მივმართო, წმინდა სინოდს და მის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს და ვთხოვო მათ, გამოითხოვონ [„იგლ ჰილსთან“ გაფორმებული კონტრაქტის პირობები ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მიმართვაც შესაძლებელია... მაგრამ არც მინდა მათ მივმართო, იმიტომ რომ არ მიმაჩნია ისინი ლეგიტიმურ ხელისუფლებად - ეს ერთი და მეორე - ვხედავ, რომ ხალხის ხმა არ ესმით. შესაბამისად, ხალხის ხმა რადგან არ ესმით, იქნებ ეკლესიის ხმა გაიგონონ. აი, ეს არის მცდელობა და ვნახოთ, რა გამოვა. მერე სხვა გზებსაც მოვძებნით, როგორ მოვითხოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის...

- „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, რომ ვისაც კითხვები აქვს „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესახებ და აინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, ებრძვის არაბულ ინვესტიციებს ქვეყანაში...

- 18 წელი ვიცხოვრე საზღვარგარეთ და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საზღვარგარეთ ცხოვრება. ვარ ფინანსისტი და ძალიან კარგად ვიცი, როგორი არის ინვესტიციების მნიშვნელობა და საერთაშორისო ვაჭრობის და ურთიერთობების... მყავს არაბი მეგობრები, შესაბამისად, მე არ ვარ რამენაირად ანტიარაბი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ როცა ჩემი ქვეყნის ხელისუფლების განცხადებებში იკითხება წინააღმდეგობრივი შინაარსის ინფორმაცია $6-მილიარდიან პროექტთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, გვქონდეს პასუხები იმ კითხვებზე, რაზედაც [ზემოთ წერია]. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ 6,5 მილიარდი დოლარი უნდა ჩაიდოს პროექტში და მილიონი კვადრატული მეტრი უნდა აშენდესო; ე.ი. 6,600 დოლარი ხდება კვადრატული მეტრის ფასი, რაც არარეალისტურია. 6,5 მილიარდის ინვესტიცია რომ ამოიღო, მილიონი კვადრატული მეტრით, კვადრატული მეტრი 10,000 დოლარად უნდა გაყიდო და ა.შ. ბევრი ასეთი შეუსაბამო განცხადება მოგვისმენია ამ ხელისუფლებისგან...

- ყველაზე მთავარი კითხვა მაინც რა არის?

- „იგლ ჰილსის“ პროექტის წილში რომ იდება მიწები [თბილისსა და აჭარაში], რის სანაცვლოდაც საქართველოს სახელმწიფო გახდა 33%-იანი წილის აქციონერი, რამდენად შეფასდა ეს მიწები?! თავად Eagle Hills-ი რას დებს და რა ჩადო პროექტში?!. კითხვები მაქვს იმაზეც, რომ გიორგი ბაჩიაშვილი იმ ქვეყნიდან ჩამოიყვანეს უკანონოდ და ეს [საამიროებისთვის] ადვილი ნაბიჯი არ იქნებოდა, რადგან ისინი უცხოელებს უსაფრთხოების პირობებს აძლევენ, რომ იქ ჩავიდნენ და იქიდან რომ ადამიანს იტაცებენ, შესაბამისად, რაღაცად უღირდათ ამის გაკეთება და რას იღებენ აქედან?! ანუ რა ფარული ინტერესები შეიძლება არსებობდეს ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც მათ დაუთმეს, ხვდებით?! ჯერ ერთი ქართული მიწა რომ გადის, სად გადის?!...

- სად გადის ქართული მიწა? - მოდი, ასეც შევხედოთ ამ საკითხს - თბილისსა და კრწანისში საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა იქმნება და როგორც Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა თქვა, უძრავი ქონების მყიდველებად მოიაზრებენ როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს - უცხოელები 60%-იო...

- ჯერ ერთი, არ მჯერა, რომ მყიდველების 40% ქართველები იქნებიან, რადგან მშენებლობის სექტორში ისედაც კრიზისია და რაც აშენებულია და შენდება, ისიც ძნელად იყიდება - უკვე ოფიციალური მონაცემებითაც შენელებულია მშენებლობის სექტორი და ახლა ამხელა ახალი მშენებლობა თუ შევა კონკურენციაში, გამოდის რომ ქართული ბიზნესების კონკურენტი ხდება სახელმწიფოც, რადდგან [მთავრობა 33%-ის მეწილეა]...

- უძრავი ქონების სექტორში ბიზნესმენები სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს - „იგლ ჰილსის“ პროექტი მიაჩნიათ მნიშვნელოვნად მშენებლობის სექტორისთვის და მთელი ეკონომიკისთვის...

  • არაფერს ვიტყვი... ცოტა ღრმად დაფიქრდნენ; ვინც ამას ამბობს, ცოტა შორს გაიხედოს და ნახოს ისტორია, წაიკითხოს წიგნები - მაგალითად, [იუვალ ნოა ჰარარის] ცნობილი წიგნი - „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ [„Sapiens: A Brief History of Humankind“]... როგორ არის კარგი გზავნილი, რომ სახელმწიფო შედის ბიზნესში და კერძო სეტქორს ეკონკურენტება, გამოჩნდება...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები