მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ადამიანმა მოახერხა და სამ წელიწადში ოცდაათწლიანი პარტნიორობა დაანგრია - პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

პარლა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ დიპლომატიური მისიის დასრულებას გამოეხმაურა. მედიის კითხვის საპასუხოდ პაპუაშვილმა ელჩი მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან ქვეყანა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დამშვიდობების გარეშე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ფიშერმა საკუთარი ნაბიჯით ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ სრული უპატივცემულობა აჩვენა.

„ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა დამშვიდობების გარეშე. ჩვენ ვნახეთ, რომ ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა და ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობასთან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან ეს საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჰქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა.

რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და სამ წელიწადში ოცდაათწლიანი პარტნიორობა დაანგრია. მე იმედი მაქვს, რომ მისი წასვლა იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუ რამხელა მადლიერება არის ქართველ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს.

ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა მათ შორის ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსდევდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა სამ წელიწადში დაანგრია იმ მხრივ, რომ აჩვენებდა ყველანაირ ნეგატიურ განწყობას ქართული სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემდე გერმანიის ელჩი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა და მას ერთადერთი ელჩი უწოდა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების დასაზიანებლად ყველაფერი გააკეთა.

თავად პიტერ ფიშერმა, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის მოვალეობას 2022 წლიდან ასრულებდა, ქვეყანაში მისიის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen“. განცხადებასთან ერთად ელჩმა გამოაქვეყნა 9 აპრილის მემორიალთან გადაღებული ფოტო, სადაც იგი შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიესალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები