მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფული არ არის ჩემი ინტერესი - ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი

ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომლითაც ეხმაურება აშშ-ის საელჩოს დღევანდელ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ელჩ დანიგანს შეხვედრაზე უარი უთხრა. ივანიშვილი ადასტურებს, რომ ელჩთან შეხვედრაზე უარი მართლაც თქვა, თუმცა, ამბობს, რომ შარშან "პირადი შანტაჟის პირობებში" ო'ბრაიანსაც უთხრა უარი შეხვედრაზე.

განცხადებაში ივანიშვილი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსაც ახსენებს და აღნიშნავს, რომ მისი პირადი ინტერესი, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასოდეს დაუყენებია. თუმცა, ფაქტობრივად, ამბობს, რომ შეხვედრაზე უარის მიზეზი ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებია.

"გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ამის პარალელურად, განცხადებაში ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შვეიცარიული ბანკი "იულიუს ბერი" არ უბრუნებს თანხას.

"წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)", - წერს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სრულად

ცნობისთვის, 1 ოქტომბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს არ ხვდება, იმიტომ რომ, მისი აზრით, გაერთიანებას, რომელსაც "გლობალური ომის პარტიას" უწოდებს, აშშ-ის ხელისუფლებაზე და მათ შორის პოლიტიკოსებზე დიდი გავლენა გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები