მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე" - თამარ ვეფხვაძე სამინისტროში შეხვედრის შემდეგ

სს

"გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ვეფხვაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის შედეგად გარკვეული პოზიტიური და იმედის მომცემი მოლოდინები გაჩნდა, თუმცა არა უნივერსიტეტების არგაერთიანებასთან დაკავშირებით, რადგან, ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ ცალსახად განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს დეტალებსა და იმ საკითხებზე, რათა პროცესი იყოს მინიმალურად მტკივნეული.

"დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საჭირო შეხვედრა. ცოტა დაგვიანებულიც იყო, რადგან კარგი იქნებოდა ამ ფორმატში შეხვედრა უფრო ადრეც ყოფილიყო. ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს და ვნებათაღელვის მუხტს, სავარაუდოდ დაწევდა. მსჯელობა იყო ძალიან მწვავე, ემოციურიც და საქმიანიც. ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა დაისვა. ახლა ველოდებით მინისტრის ჩამობრძანებას. დაანონსებულია, რომ მინისტრი შეხვდება როგორც თსუ-ს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ასევე სტუ-ს. ვფიქრობ, უფრო მეტ დეტალს შემდგ გაეცემა პასუხი.

გარკვეული პოზიტიური და იმედის მომცემი მოლოდინები შეიქმნა. გაერთიანებასთან არა. ამაზე სახელმწიფომ ცალსახად განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია , ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე, იმ საკითხებზე, რომ პროცესი იყოს მინიმალურად მტკივნეული",- განაცხადა თამარ ვეფხვაძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა სტუდენტთა რაოდენობით ორი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტის - თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას განიხილავს, რის შემთხვევაშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი იქნება. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განაცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიღებულია ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ განცხადებას ორივე უნივერსიტეტის პროფესურის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება - გივი მიქანაძე

რა უძრავი ქონება ეკუთვნით თბილისში თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტს?

თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ვადები - რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა?

თსუ-ს და ტექნიკურის გაერთიანება - 7 რისკი უმაღლესი განათლების სისტემისთვის|შალვა ტაბატაძის შეფასება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები