გთავაზობთ გასული კვირის (22-28 სექტემბრის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
ირაკლი კობახიძე ბიზნესს შეხვდა
პარასკევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები ბიზნეს ასოციაციის ფორმატში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. კობახიძემ შეხვედრა ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვით გახსნა და აღნიშნა, რომ 2021-2024 წლებში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ლარის გამყარებაზე, სავალუტო რეზერვების შევსებაზე და დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე. მისი თქმით, 2022-2024 წლებში 185 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო საშუალო ხელფასმა 2 200 ლარს გადააჭარბა. ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელიც და ის 9.4%-ზეა.
ენერგეტიკაში იყო არასწორი პრაქტიკა, მათ შორის ნებართვების გადაყიდვის - ირაკლი კობახიძე
"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი ამოცანა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებაა. მან ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არის არაერთი დარგი, სადაც მეტის გაკეთება შეიძლება, მაგალითად ენერგეტიკა. მან მთავარ გამოწვევად ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა დაასახელა.
"იყო არასწორი პრაქტიკა ბევრი მიმართულებით ჩამოყალიბებული, მათ შორის მთავარი პრობლემა იყო ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, თუმცა არა მხოლოდ, ბევრი მიმართულებით იყო პრობლემები. გპირდებით, რომ ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ, შესაბამისად ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს, ექნებათ მაქსიმალური კომფორტი შექმნილი იმისათვის, რომ მათ წარმატებით განახორციელონ შესაბამისი პროექტები,"- განაცხადა კობახიძემ.
ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში 199 მილიონი დოლარი შეისყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის აგვისტოში Bmatch-ით $199.6 მლნ შეისყიდა. სებ-ის ინფორმაციით, ჯამში, იანვარ-აგვისტოში შესყიდვამ $1,496 მლრდ შეადგინა. შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე სექტემბერში განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემებს 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
იანვარ-აგვისტოში ბანკებმა 2.13 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს
2025 წლის 8 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.13 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 109 მილიონი ლარით, ანუ 5.4%-ით მეტია.
ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 8 თვეში 1.09 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 795 მილიონი ლარით, რაც წლიურად 1.8%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 85.7 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 13.2%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.
აგვისტოში საბანკო დაკრედიტება 642 მილიონი ლარით გაიზარდა, დეპოზიტების პორტფელი კი 1 მილიარდი ლარით
აგვისტოში საბანკო დაკრედიტების მოცულობა 642 მილიონი ლარით, 66.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი. შესაბამისად, კრედიტების მოცულობა გასულ თვეში 1%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი დაკრედიტება 14.8%-ით არის მომატებული.
ეროვნული ბანკის თანახმად, გასულ თვეში სესხების ზრდა ძირითადად ლარის სესხებს უკავშირდებოდა, კერძოდ, ლარში მატება 351 მილიონ ლარს, უცხოურ ვალუტაში კი 290 მილიონ ლარს შეადგენდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 63 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.02 მილიარდი ლარით, 1.65%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.58% შეადგინა.
პარლამენტი სავალუტო ფონდის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და სებ-ს მთავრობისთვის დისკრეციულ ფინანსურ ტრანსფერებს შეუზღუდავს - კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების წევრებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც ეროვნული ბანკის საბჭოს შეეზღუდება დისკრეციული უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს სებ-ის სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული წარმოადგენს მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესრულებას, რადგანაც ფონდმა ხელისუფლებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებისკენ მოუწოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობის მიმართ ფინანსურ გადარიცხვებს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკი თავისი ოპერირების შედეგად ყოველწლიურად გადის მოგებაზე და კანონმდებლობა ამ მოგების განაწილების საკითხებს არეგულირებს. ახალი მოდელით სებ-ი მთავრობას მის მიერ გენერირებულ მოგებას გაუნაწილებს ისე, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, თუმცა სებ-ის საბჭოს დამატებით არ ექნება იმის უფლება რომ გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობისთვის სხვა სახსრების გამოყოფის თაობაზე.
VASP-ები სრულად სებ-ის რეგულაციებს დაექვემდებარებიან - კანონპროექტი
ვირტუალური აქტივების პროვაიდერები, ანუ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივების ფლობა განკარგვის სერვისს სთავაზობენ სრულად სებ-ის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან - ამას ითვალისწინებს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ქართული ოცნების უმრავლესობამ დაარეგისტრირა. ცვლილებების ავტორად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ოცნების 10-მდე დეპუტატი არის მითითებული.
VASP-ების რეგულირების საკითხები ქართულ კანონმდებლობაში 2022 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით შევიდა, რის შედეგადაც სებ-მა 2023 წელს VASP-ების რეგისტრაცია დაიწყო.
დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 27 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი და კიდევ რამდენიმე სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.
ADB-მა საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 11.3-კილომეტრიანი მაგისტრალისთვის $360 მლნ გამოყო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 360 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა , რომელიც 11.3-კილომეტრიანი ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობას დააფინანსებს. აღნიშნული გზა წარმოადგენს უკვე გახსნილი ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელებას და ის საქართველოს თურქეთთან დააკავშირებს. პროექტი 7.6 კილომეტრის გვირაბის და მდინარე ჭოროხზე 1.5 კილომეტრის სიგრძის ხიდის აგებას ითვალისწინებს.
ADB-ის ვებგვერდის თანახმად, პროექტის მთლიანი ღირებულება 360 მილიონ დოლარს შეადგენს. ამჟამად პროექტზე უკვე გამოცხადებულია 14 მილიონი დოლარის ტენდერი, რაც სამშენებლო ზედამხედველის შერჩევას უკავშირდება. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 22 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო და ის 6 ოქტომბრამდე გადაიწევს. ამასთან, ნავარაუდევია, რომ პროექტისთვის მიწების გამოსყიდვა დაახლოებით 114 მილიონი ლარი დაჯდება.
პროექტის მიხედვით, საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს.
საბანკო ბარათით გადახდის მომსახურების მაქსიმალური საკომისიო 0.5% უნდა იყოს - კანონპროექტი
პარლამენტი ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს.
ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი. ხოლო 10 ლარამდე ტრანზაქციებზე კი 5-10 თეთრი.
კანონპროექტის ავტორია "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის სხვა წევრები. ინიციატივის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ერთიანი საგადახდო ჭერის დანერგვა ბიზნესებისთვის განჭვრეტად სივრცეს შექმნის და მათ საგადახდო დანახარჯებს შეამცირებს.
კახა კალაძის განცხადებით, მეტროს პირველ ხაზს ორი სადგური დაემატება
თბილისის მეტროს პირველი ხაზი დაგრძელდება თითო სადგურით, ორივე მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა და "ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აღსანიშნია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების და გლდანსა და ვარკეთილში ახალი სადგურების მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი.




























