გასული კვირის (6 - 12 ნოემბრის) მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში
1) საქართველომ ევროკომისიისგან EU-ს კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია მიიღო
8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია რომ კომისია მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამასთან განსაზღვრავს დათქმებს, რომელთან ერთადაც ამ რეკომენდაციას გასცემს.
აღნიშნული დათქმები უფრო ვრცლად განმარტებულია გაფართოების შესახებ 75-გვერდიან ანგარიშში, რომლებშიც განსაზღვრულია ცხრა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შესახებაც საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს.
დეტალურად იხილეთ ბმულზე.
2) ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი ევროკომისიის დათქმებს შორის მოხვდა
კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დათქმებს შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხიც, რაც აქამდე ევროკავშირის 12 პრიორიტეტს შორის არ შედიოდა.
"საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა,"- წერია ევროკომისიის მიერ მომზადებულ გაფართოების ანგარიშში.
ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ევროკავშირი ხაზს უსვამს დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზეც.
ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით,”- ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
3) მილიარდერი ალიშერ უსმანოვი ეროვნულ ბანკს და “ლიბერთი ბანკს” უჩივის
მილიარდერი ალიშერ უსმანოვი საქართველოს ეროვნულ ბანკს და “ლიბერთი ბანკს” უჩივის. დავებში უსმანოვის წარმომადგენელია იურიდიული ფირმა MKD Law, ხოლო დავის შინაარსი სანქციების აღსრულების წესს უკავშირდება.
საქმე ეხება კომპანია Metalloinvest-ის საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ევროს, რომელიც ლიბერთი ბანკში არის განთავსებული.
დავის დეტალების შესახებ bm.ge-ის ალიშერ უსმანოვის კომპანიის ადვოკატი, სანდრო სამადბეგაშვილი ესაუბრა.
“ჩვენი პოზიციით, დიახ, “ლიბერთი ბანკმა” კლიენტს უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესა, ვიდრე ამას ამერიკული სანქცია ითხოვს. სხვა არგუმენტებიც გვაქვს, მათ შორის იმასთან მიმართებით, რომ ამერიკული იურისდიქცია ამ საქმის შეხებაში არ არის, რადგან Metalloinvest-ი არ არის სანქცირებული ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ, ხოლო თანხა არის ევროში და გადარიცხვა არ ხდება აშშ-ში ან ამერიკული საკორესპოდენტო ბანკის გავლით, ასე რომ შეიძლება ამერიკული სანქცია არც კი ფარავდეს ამ კონკრეტულ ტრანზაქციას, მაგრამ ეს სხვა უფრო ფართო საკითხია,”- განმარტავს იურისტი.
ალიშერ უსმანოვი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $14.5 მილიარდად აფასებს.
უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
4) 3 იანვრიდან საპენსიო დანაზოგები ნაკლებად რისკიან პორტფელში დაბრუნდება
2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება, - ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
"კერძოდ, 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში.
აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება", - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
5) საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა
ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $154 მილიონი დოლარით შემცირდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვები 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის მოსალოდნელი მშპ-ის (29.9 მილიარდი დოლარის) 17%-ია.
სავალუტო რეზერვების კლების ერთ-ერთი მიზეზი ოქტომბრის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები იყო. ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციის ეფექტის გასანეიტრალებლად სებ-მა რეზერვები 6 და 17 ოქტომბერს გაყიდა. ამ ინტერვენციების ჯამი 84.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.
6) Sandora-ს წვენების წარმოება საქართველოში დაიწყო
კომპანია PepsiCo-მ Sandora-ს წვენების წარმოება უკრაინიდან საქართველოში, კერძოდ, გურიის სოფელ ნაბეღლავში გადმოიტანა. PepsiCo-სა და „წყალი მარგებელს“ შორის მოლაპარაკების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მიხო სვიმონიშვილმა ისაუბრა.
სვიმონიშვილის განმარტებით, Sandora-ს წარმოებამ უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლებს.
„სამწუხაროა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, Sandora-ს ქარხანა დაიშალა; ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს გარიგება ჩვენი ჰოლდინგისთვის შანსი იყო; ეს გარკვეულწილად დახმარებაც არის უკრაინული ბრენდისთვის, რომ ბაზრიდან არ გაქრეს - ჩვენ შევძელით და შევთავაზეთ ჩვენი მომსახურება. PepsiCo-სთან მოლაპარაკების პროცესი, რა თქმა უნდა, რთული იყო; „წყალი მარგებელი"-ს ქარხანამ უამრავი შემოწმება წარმატებით გაიარა, რაშიც დარწმუნებული ვიყავი; ამაყები ვართ; შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ საქართველოშიც შეიძლება საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობა. მათი ნდობა დავიმსახურეთ; იმედია, ერთობლივად, წარმოებას ნელ-ნელა გავზრდით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბაზრებისთვის“, - თქვა მიხო სვიმონიშვილმა.
7) ქართული ბანკები 2023 წლის 9 თვეში 2 მილიარდი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ
კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2023 წლის 9 თვე ქვეყანაში მოქმედმა 15-მა ბანკმა ჯამში 2,042,859,000 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. მათ შორის ყველაზე მეტი 981.9 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკმა" გამოიმუშავა. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 803 მილიონი ლარის წმინდა მოგებით, მესამეზე კი "ლიბერთი" 63.4 მილიონი ლარის მოგებით.
ქვეყანაში მოქმედი სამი ბანკი - "პაშა ბანკი", "სილქ ბანკი" და "პეისერა ბანკი" ზარალზე არიან.
8) უკრაინამ Bolero & Company-ის დამფუძნებელი ვახტანგ კარიჭაშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა
უკრაინამ საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი ვახტანგ კარიჭაშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი ჩანაწერი sanctions.nazk.gov.ua-ს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. როგორც ვებვერდზე არის განმარტებული, სანქცირება კარიჭაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ, უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია.
ამასთანავე, ვებგვერდზე მითითებულია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილის ჰოლდინგი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია.
რაც შეეხება ვახტანგ კარიჭაშვილისა და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს, რეესტრის თანახმად, კარიჭაშვილი ფლობს 50%-იან წილს სასტუმრო "მელიქიშვილი ინში", რომელსაც უჩა მამაცაშვილის საინვესტიციო ჰოლდინგი Middle Seas Capital აშენებს.
9) პარლამენტმა აზარტული თამაშების სექტორში გადასახადების ზრდის კანონპროექტის განხილვა დაიწყო
საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორისთვის გადასახადების ზრდის კანონპროექტს უკვე განიხილავს. ცვლილების შედეგად, 2024 წელს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება.
კანონში შესატანი ძირითადი ცვლილებები ასეთია:
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან იზრდება 15%-მდე;
- სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2%-დან იზრდება 5%-მდე.
10) შაჰ-დენიზის მილსადენის დატვირთვა გაიზარდა
BP საქმიანობის 9 თვის შედეგებს აჯამებს - კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის სამი კვარტალის განმავლობაში სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის დატვირთვა გაიზარდა და მან 16.6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. მილსადენის მეშვეობით თურქეთისა და ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით საქართველოზე ყოველდღიურად 60.5 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი გატარდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მილსადენის დღიური დატვირთვა 56.1 მილიონი კუბური მეტრი იყო.