მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ირაკლი კობახიძე

გთავაზობთ გასული კვირის 1-7 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

პარლამენტში "რუსული კანონი" დაბრუნდა

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პარლამენტში უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დააბრუნა. მომხდარს მოჰყვა მწვავე გამოხმაურებები აშშ-სა და ევროკავშირში. EU "ქართულ ოცნებას" შეახსენებს მათ საჯარო დაპირებას, რომ კანონპროექტის განხილვას აღარ მიუბრუნდებოდნენ, სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას. ევროპარლამენტმარებმა კი პარასკევს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გენდერული კვოტები გააუქმა

პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საპარლამენტო ოპოზიცია „გირჩის“ ინიციატივა, რომლის თანახმად, საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულება გაუქმდება. მიღებული ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს, რომელიც “ქართული ოცნების“ მხარდაჭერით დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს, 85 - ხმით, 22 - წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

მარტში საქართველოში 0.5%-იანი ინფლაცია იყო

საქსტატმა 2024 წლის მარტის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, მარტში საქართველოში ფასების საერთო დონე წინა წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში ფასები ზრდის ნაცვლად 3.4%-ით არის შემცირებული, რაც მთელი რიგი დასახელების პროდუქტების გაიაფებით არის განპირობებული.

სანაცვლოდ კი გაზრდილია ფასები ტრანსპორტის ჯგუფში, რაც წინა წელთან შედარებით საწვავის გაძვირებულ ფასს უკავშირდება. ასევე გაზრდილია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულებაც.

გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი Rothschild & Co-სთან

ფრანგულ-ბრიტანულ საინვესტიციო ფონდი Rothschild & Co საქართველოს მთავრობასთან არსებულ მრავალმილიონიან კონტრაქტზე კომენტარს არ აკეთებს. საქართველოს წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიასთან კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ისეთი სტრატეგიის მომზადება, რომელიც საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნიდა. 3 წლის და დახარჯული 10 მილიონი ლარის შემდეგ სტრატეგიის დოკუმენტი არსად ჩანს. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი BMG-ის პასუხობს რომ ამ კონტრაქტის ფარგლებში გარკვეული დოკუმენტები შეიქმნა, თუმცა მასში მთავარი დამკვეთი ეკონომიკის სამინისტრო არ ყოფილა და მოლაპარაკებათა მხარე მთავრობის ადმინისტრაცია იყო.

TBC Capital-ი 2024 წელს 6%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

თიბისი კაპიტალი 2024 წელს საქართველოში 6%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები ქვეყანაში არსებულ ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, ხოლო თებერვალში დაფიქსირებული 9.5%-იანი ეკონომიკური მატება ბანკის მოლოდინებსაც აღემატებოდა.

"ვფიქრობთ რომ 2024 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ს აღემატება. უფრო მეტი ანალიტიკით, ჩვენს მკითხველებს თიბისი კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ განახლებაში დავუბრუნდებით,"- ნათქვამია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების განხორციელებისთვის 23-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა, ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნატახტრის აეროპორტიდან აღნიშნული ტენდერების საფუძველზე ფრენები არ შესრულდება.

ონკოპაციენტებს მედიკამენტები პროგრამის 25,000-ლარიანი ლიმიტის მიღმა დაუფინანსდებათ

„25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. მისივე განმარტებით, ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეეძლებათ ჰქონდეთ ამოწურული 25 000 ლარიანი ლიმიტი.

რა იქნება CFD აუქციონის საშუალო ტარიფები

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციაში იმ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, რის გამოც შესაძლოა, მეორე CFD აუქციონის ფარგლებში მოდინებაზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფი შემცირებულიყო. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თუკი პირველ აუქციონში მსგავსი ტიპის ჰესებისთვის საშუალო ტარიფი 6.85 ცენტი იყო, ახლა ამ მიმართულებით მედიანური ტარიფი 6.5 ცენტი დაფიქსირდა. მისი თქმით, ეს გარემოება იმითაა გამოწვეული, რომ სიმძლავრის მეორე აუქციონში უფრო მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და კონკურენციაც მაღალი იყო. ამასთან, გიორგი მარგებაძე ვარაუდობს, რომ ტარიფის შემცირებაზე გავლენა იმანაც იქონია, რომ 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესებისთვის შედარებით ნაკლები მოთხოვნები მოქმედებს.

თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი გაფართოვდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის გასასვლელში არსებული 13-კილომეტრიანი მონაკვეთის გაფართოებაზე მუშაობს. საუბარია თბილისი-ნატახტარის მაგისტრალზე, რომელიც ყოველწლიურად მზარდი ნაკადის გამო შეფერხებების გარეშე ავტოსატრანსპორტო მოძრაობას ვეღარ ატარებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზის გამტარიანობა დღე-ღამეში 40,000 ავტომობილს შეადგენს, თუმცა უკვე 2022 წლის ზაფხულში ის 72,000 ავტომობილს ატარებდა. რაც გზის ტექნიკურ გამტარიანობას მნიშვნელოვნად აჭარბებდა.

მაგისტრალის გაფართოებისთვის გასული წლის ივლისში 12-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. თუმცა, თავდაპირველი ტენდერი შეწყდა და 2023 წლის ოქტომბერში ის შემცირებული სავარაუდო ღირებულებით (7.3 მლნ ლარი) გამოცხადდა. ტენდერი 2024 წლის იანვარში დასრულდა და მასში საერთაშორისო საინჟინრო კომპანია SMEC-მა გაიმარჯვა კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 5.2 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები