გაცხადებული გვაქვს, რომ რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც კონსტიტუციით არის დაკისრებული - გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი რეზერვების შესყიდვის პოლიტიკას გააგრძელებს მაშინვე, როდესაც ამისთვის ბაზარზე ხელსაყრელი ვითარება შეიქმნება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის ოქტომბერში სებ-ის სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდამდე შემცირდა. ამასთან, ეს ყველაზე მკვეთრი კლება იყო, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს ერთი თვის განმავლობაში ჰქონია. აღნიშნული შემცირების ძირითადი მიზეზი იყო სებ-ის მიერ გასული თვის განმავლობაში როგორც სავალუტო ინტერვენციებით, ასევე Bmatch პლატფრომით გაყიდული თანხები. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით უტიაშვილი აცხადებს, რომ ინტერვენციები ბაზრის მოლოდინების მართვისთვის განხორციელდა და დასძენს, რომ წინა თვეებში გაყიდვის ნაცვლად რეზერვების შესყიდვის მიმართულებით დგამდა სებ-ი ნაბიჯებს და წელს 330 მილიონი დოლარი შეიძინა.
"აქტიურად მივდიოდით ამ კუთხით, გასულ წელს 1.3 მილიარდი შევიძინეთ, წელსაც 330 მილიონი დოლარი შევიძინეთ იმ პერიოდში, როდესაც ეს შესაძლებელი იყო. ველოდებით რომ წლის ბოლო თვეებშიც შევძლებთ რეზერვების შევსებას, რადგან სავალუტო შემოდინებები არის სტაბილური, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არის ჯანსაღი, ამიტომ სრულად გვაქვს ამის მოლოდინი.
რეზერვების ხარჯვის მხრივ ჩვენ ალბათ ვართ მსოფლიოს ცენტრალური ბანკების იმ 15%-ში, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ასე მოკლე დროში. ცხადია რაღაც დაგვიანება ახლავს და მესმის რომ თქვენთვის საინტერესოა ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია, დეპოზიტებზე, დაკრედიტებაზე თუ ბანკების აქტივებზე და ამ ყველა მონაცემს სჭირდება დამუშავება, ვრწმუნდებით რომ ბანკების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და ვაქვეყნებთ სამი კვირის დაგვიანებით", - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 1.03 მილიარდი დოლარით შემცირდა. საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.
დავით უტიაშვილი გამოეხმაურა ამ შეფასებასაც და აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებზეც Fitch-ი მიუთითებს არიან ბუნებრივი რესურსების ექსპორტიორები და მათი რეზერვები აღნიშნულის გამო უფრო დიდი ზომისაა ვიდრე საქართველოს სავალუტო რეზერვები.
"ხაზგასმული იყო, რომ რეზერვების ადეკვატურობის დონე შესაძლოა დაბალი იყოს შესადარისი რეიტინგის მქონე ქვეყნებში, იმ ფაქტორებიდან გამომდინარე რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ წინ ვართ. ის ქვეყნები, რომლებსაც ანალოგიური საკრედიტო რეიტინგის დონე აქვთ, ხშირად არიან ისინი ვისაც აქვთ ბუნებრივი რესურსები და მაღალი სავალუტო რეზერვები ამ რესურსების ექსპორტიდან გამომდინარე. როგორც არვინდმა აღნიშნა სხვა ფაქტორებით ჩვენ წინ ვართ კავკასიის რეგიონში, მაგრამ მაგალითად აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვები ნავთობის ექსპორტიდან გამომდინარე 70 მილიარდს აღწევს და ბუნებრივია ჩვენ ამ მაჩვენებელს გონივრულ მომავალშიც კი ვერ მივაღწევთ. ამიტომ შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ ყველა ეს ფაქტორი,"- განაცხადა დავით უტიაშვილმა.