პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გერმანიის ელჩმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს გერმანიაში ვიზიტისას, სამივე შეხვედრაზე, საქართველოს დელეგაციას უთხრეს, რომ ე.წ. რუსული კანონი არ უნდა მიიღონ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
BMG-ს კითხვაზე, რატომ ვერ დაარწმუნა ელჩები და უცხოელი პარტნიორები, მათ შორის გერმანიის კანცლერი კანონპროექტის საჭიროებაში, კობახიძემ თქვა, რომ გერმანიის ელჩი შეიძლება შეცდომაშია შეყვანილი. მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა პოზიციები გაჟღერდა გერმანიაში ვიზიტის დროს. კობახიძე ირწმუნება, რომ მხოლოდ ერთ შეხვედრაზე თქვა ოლაფ შოლცმა, რომ მისი აზრით, კანონპროექტი ევროკავშირის პრინციპებს არ შეესაბამება.
"გერმანიის ელჩმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ ეს კანონი იყო ცუდი და არ უნდა მიგვეღო. შეიძლება შეცდომაში შეიყვანეს. მე გეტყვით, რაში იყო საქმე. რაც შეეხება ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრას, იქ დასმული იქნა კითხვები, რასაც პასუხი გავეცით. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შფოთვა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის პრინციპებთან. მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც განაცხადა, გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებითო. წარმოიდგინეთ, თქვენ ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მილიონი საკითხი აქვთ თვითონ, რა თქმა უნდა, ვერც პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც კანცლერი მით უმეტეს, ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და ამის საფუძველზე დასვა კითხვა. რაც შეეხება გერმანიის კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ, რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, სჯობდა გადაემოწმებინა ჩემთან, იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. "ლელოსთან" ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. მაგრამ რაც შეეხება თვითონ კანცლერს, მან ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. ამას ვადასტურებ, რაც არ მომხდარა დანარჩენ ორ შეხვედრაზე, ეს თქვა გერმანიის კანცლერმა ნამდვილად, რაზეც მე ვუთხარი, რომ ევროკომისიამ მოიწონა და რაც არის ჩვენი არგუმენტები. მან ამაზე მიპასუხა, რომ თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის. მე მას განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ესაა ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით, როგორც არის ხოლმე, გვქონდა გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვუდგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა და ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი იქნა წაკითხული ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არაა სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გავრცელება, მით უმეტეს, როდესაც ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. თუ ვინმეს არგუმენტები აქვს, წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს ღია დისკუსიაში",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი ე.წ. რუსულ კანონს არ მიიღებს. როგორც მან 12 აპრილს, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ამ კანონის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ “ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა არ აქვს.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. 83 მომხრე იყო და 0 წინააღმდეგი. კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.