Gino Holding-ი თბილისის აკვაპარკის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებზე მზის სადგურების მოწყობას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1.5 მლნ ევრო იქნება. მზის სადგურების პროექტზე ჰოლდინგის დამფუძნებელმა და ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძე გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ბიზნესისთვის ელექტროენერგიაზე ხარჯების შემცირების საუკეთესო გადაწყვეტაა.
“მზის სადგურების თემატიკას ჩვენ ყველა შემთხვევაში განვავითარებთ, რადგან დიდი სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის თბილისის ტერიტორიაზე. გვინდა ყველა შენობის თავზე ჩვენს ობიექტებზე მზის პანელები განვათავსოთ. მით უმეტეს ახლა, როდესაც ძალიან ეფექტიანი მზის პანელების წარმოებაა დაწყებული.
არც ერთი მშენებლობის შესრულება არ მინდა, სადაც მზის სადგური არ იქნება განთავსებული, რადგან ეს ძალიან მოგებიანი თემაა. პირველადი ინვესტიცია ცოტა მეტია, სამაგიეროდ უაღრესად ეფექტურია. ამ შემთხვევაში ტექნიკური მომსახურებისთვის მხოლოდ 5 თეთრს გადავიხდით.
პირველადი გათვლით, 1.5 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდება, რომლის ამოღება 5-6 წელიწადში შეიძლება. ეს პანელები 25 წელი მუშაობს, დანარჩენი 20 წელი ელექტროენერგია პრაქტიკულად უფასოდ გაქვს. შენ ამას ქსელში აწვდი და შემდეგ ქსელიდან უკან იღებ. საქართველოში კანონმდებლობით ბიზნესს 500 კვტ-მდე მზის სადგურის მოწყობა შეუძლია, ევროპაში ამას ვერ ნახავთ. ადრე იყო 1 მგვტ, შემდეგ 500 მგვტ-მდე შეამცირეს, ახლა მაგალითად სლოვაკეთში 50 კვტ-ია, ამაზე მეტს ქსელში ვერ გაუშვებ, შენ თვითონ უნდა მოიხმარო. აქ კი 500 კვტ-იანს გააკეთებ, ქსელში გაუშვებ და შემდეგ შენც გამოიყენებ”, - ამბობს “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი.
ცნობისთვის: „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე აკვაპარკ Gino Paradise-ის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტს 2024 წლიდან დაიწყებს. აკვაპარკის გარშემო მულტიფუნქციური კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 170 მლნ ევროა. როგორც გადაცემა #რედაქტ2-ში ჰოლდინგის დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე ამბობს, ინვესტიცია 2-3 წლის განმავლობაში იქნება ათვისებულია.