საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, სებ-თან დაკავშირებულ პროცესებზე ქართულმა მსხვილმა ბიზნესმაც საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამოცემული იმ ბრძანების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს სანქცირებული მოქალაქეებისათვის თუ კომპანიებისთვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს.
„ჩვენი მოქალაქეები თუ ბიზნესმენები მიეჩვივნენ იმას, რომ ქვეყნის შიგნით გადარიცხვები წამებში ხორციელდება, ხოლო საერთაშორისო ტრანზაქციებს მაქსიმუმ 1-2 დღე სჭირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას და მსგავსი აბსურდული ბრძანებით შეიძლება, ყველაფერს ხაზი გადაესვას“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ და ქართულ მსხვილ ბიზნესს მიმართა.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკის ადრესატი, პირველ რიგში, საქართველოს ბიზნესასოციაციაა.
- ბიზნესასოციაციას და მასში გაწევრიანებულ რიგი კომპანიების წარმომადგენლებს ვერ დაასწრებ განცხადებების გაკეთებას თუ ის მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიც მოსამართლეების სანქცირებაა ან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული პროცესები, ხმას არ იღებენ...
- იქნებ იმიტომ არის მსხვილი ბიზნესი ჩუმად, რომ ხედავენ პოლიტიკის კვალს ამ პროცესებში და ეშინიათ პრობლემები არ შეექმნათ?
- მაშინ საქართველოს ბიზნესასოციაცია კი არა, საკუთარი ინტერესების ლობირების ასოციაცია დაირქვან... და თქვან, რომ „კომენტარს არ ვაკეთებთ არაფერზე, ჩვენ მხოლოდ მოგების მიღება გვაინტერესებს და ვიქნებით ჩუმად“ - ესეც პოზიციაა და ეს იქნება სამართლიანი ან სხვა მნიშვნელოვან თემებზეც დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და მხოლოდ იმას ნუ იტყვიან, თითქოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმიტომ გვაქვს, რომ მთავრობა უმაგრეს გადაწყვეტილებებს იღებს, რაც არის ტყუილი.