არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტის შემდეგ, „დიდი ბიზნესი კიდევ უფრო ღრმად წავა ჩირგვებში“.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის შემთხვევა გზავნილია ამ კატეგორიის სხვა ბიზნესმენებისთვისაც.
„მე, პირადად, გიორგი რამიშვილის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა რომელიც მისი დაპატიმრების ფაქტით შეიქმნა, არის ის, რომ კიდევ უფრო ღრმა ჩირგვებში წავა დიდი ბიზნესი და მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელსაც ნაკლებად სჯერა თავად ბიზნესმენის ვერსიის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჩანთაში შემთხვევით ჩარჩა.
ამასთან, BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში თინა ხიდაშელმა მსხვილი ბიზნესი გააკრიტიკა იმის გამო, ისინი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საკუთარ პოზიციას ნაკლებად აფიქსირებენ.
- მსხვილ ბიზნესმენებს პოზა უჭირავთ, რომ საქართველოში დიდ ბიზნესს ვერ გააკეთებ, თუ მმართველ პარტიასთან არ გაქვს დალაგებული... დიდი ბიზნესი რომ ხარ, ბევრი ფული რომ გაქვს და არავისზე დამოკიდებული რომ არ ხარ, მაშინ უფრო უნდა მოიპოვო თავისუფლება, თორემ ვიღაცას რომ პატარა მაღაზია აქვს, სადაც ხაჭაპურს ყიდის და ბუღალტრის დაქირავების საშუალებაც არ აქვს, იმას მარტივად მოუგრეხენ კისერს...
- მეორე მხრივ, დიდი ბიზნესს ბევრი მილიონი აქვს დასაკარგი და როცა ქვეყანაში ინსტიტუციები მყიფეა, როცა სასამართლოს იმედი არ აქვთ, შეიძლება, მეტადაც ეშინიათ...
- გეთანხმებით, მაგრამ მაინც მგონია, რომ უფრო ადვილია ასეთ [დიდი ბიზნესის ქონის] პირობებში თავისუფლების მოპოვება. ასეთი ჩემი პირადი განწყობა, თორემ არავის ვანამუსებ. წარმოდგენა არ მაქვს, რამე პოლიტიკური შემადგენელი არის თუ არა [გიორგი რამიშვილის] და ხელისუფლების ურთიერთობაში, გარდა იმისა, რომ როგორც მედიაში მოვისმინე, წინა კვირას ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე ის არ იმყოფებოდა და ადამიანებს გაუჩნდეს კითხვა - თუ საქართველოში იყო, რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას?! მოკლედ, რა დევს ზედაპირზე - მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა გიორგი რამიშვილთან დაკავშირებით, ბიზნესი კიდევ უფრო ღრმად წავა ჩირგვებში, ეს არის მთავარი მონაგარი.
„წერტილთან“ ინტერვიუში თინა ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მოსალოდნელ ახალ სანქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სანქციები არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეხებათ, არამედ სისტემის მაცოცხლებელ ბიზნესმენებს.
...“ყველამ კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა დრო აშორებს იმ მომენტს, როდესაც უმწვავესი სანქციების მორიგი პაკეტი იქნება და ამ სანქციებში არ იქნებიან მხოლოდ პოლიტიკოსები. იქნებიან ბიზნესმენებიც და პროპაგანდისტებიც“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




























