საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მდგრადი დაფინანსების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, 2022 წელს ობლიგაციების ბაზარზე ზრდადი ტენდენცია დაფიქსირდა და წლიურად ბაზრის ეს სეგმენტი მნიშვნელოვნად, 39.4%-ით, გაიზარდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაიზარდა ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციების წილიც. გამოშვებული ობლიგაციების 71.3% კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციები იყო.
„საქართველოში კაპიტალის ბაზარი, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. თუმცა ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ტენდენცია 2022-2023 წლებშიც გაგრძელდა. რიგი საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების განვითარება, მათ შორის „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონი“ და „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, შეინარჩუნებს ამ დინამიკას და დამატებით ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, - განმარტავენ ანგარიშის ავტორები.
დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციების ბაზარი 49.3%-ით, ხოლო კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტი 19.7%-ით გაიზარდა. 2022 წელს ადგილობრივ ბაზარზე 7 საჯარო კორპორაციული ობლიგაციისა (2021 წელს 3 ობლიგაციის) და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების 7 კერძო ობლიგაციის ემისია განხორციელდა (2021წელს 6 ობლიგაციის).
„2022 წელს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი ინდუსტრიების მიხედვით დივერსიფიცირებული იყო და ემიტენტები მოიცვა ცხრა ინდუსტრიიდან. კორპორაციული ობლიგაციების ნაშთების მიხედვით, ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 25% - ელექტროენერგიის წარმოების სექტორმა დაიკავა (2021 წელს 24%-ით საფინანსო სექტორი ლიდერობდა), ხოლო ბაზრის 50%-ს სამშენებლო, უძრავი ქონების მართვისა და საფინანსო სექტორის ემიტენტები წარმოადგენდნენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ქართულმა კომპანიებმა მწვანე, სოციალური, მდგრადი და სხვა მსგავსი (GSS+) ობლიგაციების გამოშვება აქტიურად დაიწყეს.
„საქართველოში 2022 და 2023 წლები GSS+ ობლიგაციების გამოშვების კუთხით როგორც უცხოურ, ისე ქართულ საფონდო ბირჟებზე განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა, რადგან ადგილობრივმა კომპანიებმა დაიწყეს ამ ტიპის ობლიგაციების ემისია ადგილობრივ ბაზარზე, ამასთან ძირითადად ეროვნულ ვალუტაში. ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე ბოლო ტენდენციების მიხედვით, GSS+ ობლიგაციების მიმართ ქართული კომპანიები ინტერესი მზარდია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ქართული კომპანიების მიერ 2022-2023 წლებში გამოშვებული GSS+ ობლიგაციები:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ და „სიმბიოტიკსმა“ სოციალური ობლიგაცია გამოუშვეს - 2022 წლის სექტემბერში, „სიმბიოტიკსმა“ (Symbiotics), რომელიც საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-სთვის 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სოციალური ობლიგაცია გამოუშვა. ობლიგაციის გამოშვებით მიღებული თანხა ოთხი წლის განმავლობაში სოციალური სესხების სახით ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, მცირე ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების ეროვნულ ვალუტაში დაფინანსებას მოხმარდება. პროდუქტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდას ისეთ სასიცოცხლო მომსახურებებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები.
სს “საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა” ქართულ საფონდო ბირჟაზე მწვანე ობლიგაცია განათავსა - 2022 წლის ოქტომბერში, სს “საქართველოს კაპიტალის“ (Georgian Capital, GCAP) შვილობილმა კომპანიამ და განახლებადი ენერგიის აქტივების ერთ-ერთმა წამყვანმა პლატფორმამ საქართველოში “საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა” (GRPO), სს "გალტ & თაგარტისა" და შპს "თიბისი კაპიტალის" დახმარებით, საქართველოს ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარის პირველი მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაცია განათავსა. აშშ დოლარში დენომინირებული ხუთ წლიანი ობლიგაციის ფიქსირებული კუპონი 7%-ით განისაზღვრა. GRPO-მ მწვანე ობლიგაციის ჩარჩოსთვის მეორე მხარის მოსაზრება კომპანია Sustainalytics-ისგან მიიღო, და აღნიშნული ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP). ობლიგაციის გამოშვებას ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO), აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაუჭირა მხარი. მიღებული თანხა განახლებადი ენერგიის სექტორთან დაკავშირებული ვალის რეფინანსირებას მოხმარდება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა” ქართულ საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაცია განათავსა - 2023 წლის თებერვალში, სს "გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, კრისტალმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 25 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი სერტიფიცირებული პირველი გენდერული ობლიგაცია გამოუშვა. ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციის წამყვანი ინვესტორი 18,75 მლნ ლარის ინვესტიციით ADB-ი იყო და თანაინვესტორი, 6,25 მლნ ლარის ინვესტიციით, საქართველოს ბანკი. კრისტალმა გენდერული ობლიგაციის ჩარჩოსთვის მეორე მხარის მოსაზრება კომპანია Scope Group-ისგან მოიპოვა და აღნიშნული ჩარჩო კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ სოციალური ობლიგაციების პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია. ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შპს „ჯეოსთილმა“ საქართველოში პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები განათავსა - 2023 წლის აპრილში, სს „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“ ობლიგაციის პირველი ემისია - 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ჯამურად დაგეგმილი 30 მილიონი აშშ დოლარამდე ემისიის პირველი ტრანშია. მეორე ტრანშის ემისია 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. განთავსებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთმა 9.00% შეადგინა. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი დაფარვა 2025 წლის 21 აპრილს მოხდება. ემიტენტი გამოშვებული ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვებას გეგმავს. კომპანიას ასევე შემუშავებული აქვს მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩო, რომელზეც მეორე მხარის მოსაზრება დამოუკიდებელმა შემფასებელმა, DNV Business Assurance Norway AS-მ გასცა. კომპანია ობლიგაციის პირველი ემისიიდან მიღებულ სახსრებს არსებული სესხების რეფინანსირებისთვის, ასევე კაპიტალური დანახარჯებისა და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც ფოლადის წარმოების პროცესში ცვლილებების შეტანას და გაზის მოხმარების 75%-მდე შემცირებას ისახავს მიზნად.
„თეგეტა ჰოლდინგმა" ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველად ლარის მწვანე ობლიგაცია განათავსა - 2023 წლის ივლისში, საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა”, შპს „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. აღნიშნული ობლიგაციის მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. „თეგეტა ჰოლდინგმა“ მწვანე ობლიგაციის ჩარჩოსთვის მეორე მხარის მოსაზრება კომპანია Sustainalytics-ისგან მოიპოვა და აღნიშნული ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ICMA-ს მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და ამასთან, საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელს 70 ახალი სადგური შეემატება.
სს „თიბისი ლიზინგმა“, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველმა, ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები განათავსა - 2023 წლის ივლისში, სს „თიბისი ლიზინგმა“, შპს „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული, 15 მილიონი ლარის პირველი მწვანე საჯარო ობლიგაციები