ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, სადაც ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და პარლამენტის წევრებს მისი მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
11 აპრილით დათარიღებულ წერილში, კომისარი შალვა პაპუაშვილს ახსენებს, რომ ანალოგიური შეფასება დაიმსახურა გასულ წელს მსგავსმა კანონპროექტმა და ამბობს, რომ შეშფოთებულია მის თავსებადობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
„შეშფოთებული ვარ საკანონმდებლო ინიციატივის თავსებადობის საკითხით ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროებში.
საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მართავს არაკომერციული ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მკაფიო და მიუკერძოებელ სტანდარტებს, მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროებისა. აღვნიშნავ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას მხოლოდ დაფინანსების ნაწილის უცხოური წარმოშობის საფუძველზე.
მიღების შემთხვევაში, ამ კანონის იმპლემენტაციამ შესაძლოა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში გამოიწვიოს იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, რაც მათი საქმიანობის გაგრძელებას რთულს ან შეუძლებელს გახდის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ კანონპროექტის მიღებისგან”,- აღნიშნავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, რომელიც ასევე მოუწოდებს პარლამენტს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე მუშაობა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მოხდეს.
16 აპრილით დათარიღებულ საპასუხო წერილში, შალვა პაპუაშვილი კომისარს არწმუნებს, რომ მთლიანობაში, კანონპროექტი თავსებადია ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან. პაპუაშვილი წერს, რომ გასულ წელს კანონის გაუქმების მიზეზი შეთანხმება იყო, რომ ორგანიზაციები დაფინანსებაზე ინფორმაციას გახსნიდნენ, თუმცა მისივე თქმით, მდგომარეობა გაუარესდა და მთავარი დონორი ორგანიზაციებისგან ინფორმაცია ვერ მიიღეს.
პარლამენტში პლენარული სხდომა დაიწყო, სადაც ბიუროზე დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით პირველი მოსმენით განიხილავენ "რუსულ კანონს", რომელიც გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო. პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.