ჩვენ ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ვამზადებთ ამ პროექტს, გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი და ეს გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა გახდეს ფინანსური ცენტრიც.
„გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში. თბილისში, თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ ახალ, 2-3 პროექტზე, რომელზეც რამდენიმე კვირაში, მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მეტი დეტალი პრემიერს მთავრობის სხდომაზე არ გაუჟღერებია. გონიოში მსგავსი სივრცის შექმნაზე საუბარი უკვე 2016 წლიდან მიმდინარეობს. ბოლოს ამის შესახებ წლის დასაწყისში მთავრობამ განაცხადა, რომლის მიხედვითაც გონიოსა და თბილისში ახალი ტიპის თიზ-ის ე.წ. სპეციალური ფინანსური ზონის შექმნა იგეგმება. მაშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ სპეციალურმა ფინანსურმა ზონებმა საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის სტატუსი უნდა მოუტანოს.
გასულ წელს კი საუბარი იყო გონიოში მულტიფუნქციური ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც პრემიერის მაშინდელი განცხადებით, შეიძლება ყოფილიყო ფინანსური ცენტრი ან სათამაშო ქალაქიც.
2018 წელს კი, მთავრობა გონიოს ყოფილი პოლიგონის საზღვაო კურორტად განვითარებას განიხილავდა.