მიმდინარე წლის სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. უშუალოდ მესამე კვარტალში კი ინვესტიციებმა $299 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4%-ით მეტია. საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მესამე კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული FDI-ით „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ TOP-10 კომპანიას შორისაა. რა მოცულობის ინვესტიცია ჩადო ერთ-ერთმა TOP-ინვესტორმა და რომელი პროექტები განახორციელა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ჩადებული ფინანსური რესურსით - ამ კითხვებით BM.GE-მ კომპანიას მიმართა.
როგორც „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიაში“ აცხადებენ, 2021 წელს ნოემბრის თვის მდგომარეობით, კომპანიაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია 15.6 მლნ ლარია და ამ ინვესტიციებით განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტებია:
• კასპის ქარხანაში ცემენტის შესაფუთი და დასაპალეტებელი საამქროს მოწყობა/მშენებლობა;
• ნახშირის წისქვილის მოდერნიზაცია;
• 110 კვტ-იანი ქვესადგურის რეაბილიტაცია;
• რუსთავის ქარხანაში N3 სეპარატორის მონტაჟი და ცემენტის მე-4 წისქვილის კაპიტალური რეაბილიტაცია;
• ბეტონის მიმართულებით კი განხორციელდა ბეტონმზიდების და ბეტონოტუმბოს შეძენა.
„ეს პროექტები მომხმარებლისთვის შეთავაზებული ხარისხის და მომსახურების გაუმჯობესებას და ასევე კომპანიის გრძელვადიანი მდგრადობის და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას ემსახურება.
წელს ინერტული მასალების წარმოების ბიზნესმიმართულებით მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა. დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა წითელი ხიდის ინერტული მასალების საწარმო, რომელიც თბილისში „ჰაიდელბერგცემენტის“ კუთვნილ ბეტონის ქარხნებს ინერტული მასალით მოამარაგებს. ცემენტის მიმართულებით კი, ორივე ქარხანაში, კასპსა და რუსთავში ცემენტის წარმოების მოცულობის ზრდის მიმართულებით ვმუშაობთ.
2020-2021 წლებში კასპში ახალი ცემენტის შესაფუთი და დასაპალეტებელი საამქროს მონტაჟი განხორციელდა. პროექტის მიზანი ძველი, 3 არსებული შესაფუთი დანადგარის ახალი ყველაზე თანამედროვე, სრულიად ავტომატიზებული დანადგარებით ჩანაცვლებაა. ცემენტის შესაფუთი საამქროს, ცემენტის ტრანსპორტის სისტემის და ასევე, ტომრების დასაპალეტებელი საამქროს მწარმოებლები გერმანული კომპანიები - BEUMER Group Germany და HAVER & BOECKER Germany არიან, რომლებიც ამ სფეროში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდებია. მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ცემენტის მიწოდება დაპალეტებული სახით მოხდება. აღნიშნული ცვლილება ცემენტის ლოგისტიკის ეფექტიანობას ქარხნიდან სავაჭრო ცენტრამდე და სამშენებლო ობიექტამდე გაზრდის და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს სრულად შეცვლის.
2022 წელს კი მომხმარებლისთვის კიდევ ბევრი სიახლე გვექნება, მათ შორის, იანვრიდან იცვლება ცემენტის ტომრის დიზაინი. მომხმარებელს პროდუქტი ვიზუალურად უფრო დახვეწილ და თანამედროვე შეფუთვაში დახვდებათ“, - უთხრა BM.GE-ის "ჰაიდელბერგცემენტს ჯორჯიას" რეალიზაციის და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ირაკლი მახარობლიძემ.
ცნობისთვის: "ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ ბაზარზე ცემენტის და ბეტონის ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. კომპანია ცემენტის ქარხნებს კასპსა (1) და რუსთავში (2) ფლობს, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. „ჰაიდელელბერგცემენტი“ საქართველოში კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია. ბეტონის მიმართულებით პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. დღეისთვის საქართველოში კომპანიის 15 ბეტონის და 3 ინერტული მასალების ქარხანა ოპერირებს.