ირაკლი კობახიძის განცხადებით, "იგლ ჰილსის" პროექტიდან სახელმწიფოს დივიდენდი დაახლოებით ₾2 მლრდ, ხოლო კომპანიის - ₾4 მლრდ იქნება. როგორც "ოცნების" პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციისას თქვა, ინვესტიციიდან ამონაგები დაახლოებით 23% იქნება.
„ჩვენს ოპონენტებს უჭირთ მათემატიკა, როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო. ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან, ჯამში, იქნება დაახლოებით 2 მლრდ ლარი. შესაბამისად, რადგან ჩვენია პროექტის 1/3 და იგლ ჰილსის 2/3, "იგლ ჰილსის" დივიდენდი იქნება დაახლოებით 4 მლრდ ლარი, რაც არის 1.5 მლრდ დოლარი. ანუ "იგლს ჰილსი" ამ პროექტში დებს 6.6 მლრდ დოლარს და ელოდება 1.5 მლრდ დოლარის წმინდა მოგებას. ინვესტიციიდან ამონაგები არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტისთვის ოპტიმალურ ამონაგებად 25%-მდე მიიჩნევა. ანუ 25%-მდე თუ გაქვს ამონაგებად, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება. ამ შემთხვევაში ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია „იგლ ჰილსის“ მოგება - 23%.
„იგლ ჰილსს“ დათვლებს უწუნებენ და ამბობენ, რომ ეს არის ცოტა. თუმცა შეუძლიათ გადაამოწმონ სხვადასხვა წყაროებში, არის თუ არა 23% ცოტა. ეს არის ოპტიმალურ ზღვართან ახლოს არსებული ამონაგები, რასაც მიიღებს კომპანია", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე, კომპანია ეტაპობრივად ამოიღებს ამ ინვესტიციას.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება.




























