მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, პრეზიდენტთან შევთანხმდებით, თუმცა არის გზები რომ სებ-ის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს - კვიჟინაძე

პაატა კვიჟინაძე

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე, უარს ამბობს წარადგინოს საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები. ამის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა განუცხადა.

ზურაბიშვილმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელთა მოსმენაც დღეს კომიტეტში უნდა გამართულიყო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეცვლის და დასძენს, რომ კანონი კანდიდატების გაწვევას არ ითვალიწინებს.

“პრეზიდენტმა კვლავ კონსულტაციების გარეშე წარმოგვიდგინა კანდიდატები. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, როგორც კანონი ითვალისწინებს სამი დღით ადრე გამოვაქვეყნეთ საიტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას შევატყობინეთ და მათაც დაგვიდასტურეს კანდიდატების მოსვლა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრძანა, რომ გამოიწვევენ [კანდიდატებს]. კანონში ან რეგლამენტში არსად არ არის პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატის გაწვევის საკითხი. ასეთი მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც არ დაგვიფასეს და არ მოვიდნენ. თუმცა, აქვე დავაფიქსირებ, რომ კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი, მაგრამ სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. წარმოუდგენელია პრეზიდენტს არ ესმოდეს, საბჭოს ფუნქციურობის მნიშვნელობა. ამიტომ მაქვს იმედი, რომ მაინც შევთანხმდებით, თუმცა არის გზები იმისთვის, რომ ბანკის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება. გპირდებით, ბანკი ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას", - ამბობს კვიჟინაძე.

რაც შეეხება ნათია თურნავას გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს სანქცირებულ მოქალაქეებს არ ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, კვიჟინაძე ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება და ამბობს, რომ ადამიანს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

“ყველა სანქციას ვართ შეერთებული და ჩამოსულებიც იყვნენ აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, მათ დაგვიდასტურეს, რომ იდეალურად სრულდება სანქციები. რაც არ უნდა მოხდეს ამას გავაგრძელებთ, ეს ჩვენს ინტერესშიც არის და ჟარგონით რომ ვთქვა არც “შარი” გვინდა.

რაც შეხება თურნავას გადაწყვეტილებას, მე იურიდიულ საკითხს არ შევაფასებ, პირადად ფარცხალაძეს არ ვიცნობ, მასთან კონტაქტი არ მქონია, თუმცა რასაც ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ამბობდნენ მასზე ის ცუდიც კი არ უთქვამს [აშშ-ს] რაღაც სხვა თქვეს, რომ ჯაშუშია, ანუ ადამიანს აბრალებენ ჩემთვის როგორც ვეტერანისთვის ყველაზე რთულ თემას, ღალატს და უბედურებას. რა ვიცი, ადამიანს თავის გამართლების უფლება არ უნდა ჰქონდეს?! საქართველოს მოქალაქეა, ახლა აღარ არის, მაგრამ ხომ უნდა ჰქონდეს?! თავად ბანკები ამაში არ ჩაერევიან, თუმცა ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს რაღაც გაკეთებული, რომელიც მისცემს საშუალებას ამაზე ზემოქმედება ჰქონდეს", - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები