იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი ლობირებს ქვეყნის გარეთ იმ საკითხს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა, რაც ერთჯერადი საკითხია და უკვე შესრულებულია.
ზოგი კი განგრძობითია, მაგალითად დეპოლარიზაცია - ეს არ არის ერთჯერადად გადასაწყვეტი საკითხი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ზოგადად, ევროკავშირში ინტეგრაცია განგრძობადი საკითხია და საქართველოს გაწევრიანებას წლები დასჭირდება.
ევროკავშირი უკრაინის შეფასების ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს