საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერება საქართველოში არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და ამ სერვისით სარგებლობას როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები შეძლებენ.
"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს – კირცხალიას თქმით, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ
როგორც კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ხელისუფლებამ სუროგაციის სრულად აკრძალვა გადაწყვიტა, რის გამოც საზოგადოებაში შესაძლოა, გაჩნდეს კითხვები ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებითაც.
„აქ შეიძლება საზოგადოებას წინასწარ გაუჩნდეს კითხვა, ერთი არის ე.წ. ინ-ვიტრო განაყოფიერება, ეს რჩება ისევ, როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და მიზეზის გამო. საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. ამ სერვისით სარგებლობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები და არა მხოლოდ", - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე განმარტებით, ინ-ვიტრო განაყოფიერებისგან განსხვავებით, სუროგაცია სრულად იკრძალება. უმრავლესობის ლიდერი ამ გადაწყვეტილებას სფეროს კომერციალიზაციით, 2023 წლის შემდეგ ბაზრის „კოლოსალური ზრდითა“ და ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის რისკებით ხსნის.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და ისინი არ შეეხებათ მათ, ვინც აღნიშნული სერვისებით აქამდე ისარგებლა. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სფეროს კონტროლი „ორმაგად და სამმაგად“ გამკაცრდება.
























