ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ტუპინთან შესახვედრად ჩავიდა.
დასავლური მედია წერს, რომ ვიზიტი იქნება იმის დემონსტრირება, რომ კრემლი აგრძელებს ძლიერ პარტნიორობას ინდოეთთან, მიუხედავად ინდოეთის გაღრმავებული ურთიერთობებისა შეერთებულ შტატებთან. ინდოეთის მიერ ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვები კი, დაეხმარა რუსეთის ხაზინას, ომის გამო საერთაშორისო სანქციების ფონზე. მით უფრო, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობდა ინდოეთი პარტნიორად გამოეჩინა დასავლეთის მიერ დომინირებული გლობალური წესრიგის შესაცვლელად.
კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებების თემა იქნება "რუსეთ-ინდოეთის ტრადიციულად მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განვითარება, ისევე, როგორც ამჟამად არსებული საერთაშორისო და რეგიონული საკითხები".
გამგზავრებამდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მას მეგობარი უწოდა.
ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით ინდოეთ-რუსეთის 22-ე ყოველწლიურ სამიტზე დასასწრებად ჩადის.
bm.ge გთავაზობთ საქართველოს ეკონომიკურ კავშირს ინდოეთთან, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია ნარენდრა მოდი მართავს, რომლის კოალიციამაც ბოლო გამარჯვება 5 ივნისის არჩევნებში მოიპოვა.
ვაჭრობა
საქართველოსა და ინდოეთს შორის მიმდინარე წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 11.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 46.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 11.8 მლნ აშშ დოლარია, იმპორტი კი 34.8 მლნ აშშ დოლარი.
ინდოეთში ექსპორტი წელს 19.8%-ით გაიზარდა. TOP-5 პროდუქტი:
- მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები - $8.6 მლნ;
- სიგარები და სიგარილები - $1.6 მლნ;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $898.7 ათასი;
- ალუმინის ნარჩენები და ჯართი - $246 ათასი;
- მცენარეები პარფიუმერიის, ფარმაცევტული და ანალოგიური მიზნებისათვის - $150.5 ათასი.
ინდოეთიდან იმპორტი 28.2%-ით შემცირდა. TOP-5 პროდუქტი:
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $9.8 მლნ;
- სატელეფონო აპარატები - $3.1 მლნ;
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $2.5 მლნ;
- ბრინჯი - $1.6 მლნ;
- სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $1.2 მლნ.
საანგარიშო პერიოდში ინდოეთისა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მაქსიმუმი გასულ 2023 წელს დაფიქსირდა 58.1 მლნ აშშ დოლარი.
FDI
გასულ წელს საქართველოში 7.7 მლნ აშშ დოლარის ინდური ინვესტიცია განხორციელდა. ამ კუთხით კი რეკორდული 2017 წელი იყო, 9.3 მლნ ინვესტიციით.
ტურიზმი
გასულ წელს ტურისტების ოდენობით ინდოეთი 11 ადგილზე იყო 84,688 ვიზიტორით, რაც 60 %-ით მეტია 2022 წელზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინდოელი ტურისტების სტატისტიკა მზარდია, რამდენიმე წელია საქართველოში ინდოელი ტურისტებისთვის ციფრული ვიზების გაცემის პრობლემა დგას.
ინდოეთიდან დიდი შანსი გვაქვს მოვიზიდოთ საქორწილო ტურიზმი, თუმცა ვიზების გაცემის პრობლემაა
ტურიზმის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო ინდოელი სტუდენტებისთვის რიგით მე-9 ყველაზე მსხვილი ბაზარია.
ამჟამად საქართველოში 16 357 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი მოსალოდნელია, რომ 31 000-მდე გაიზრდება, რაც წლიურად 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები იქნება უმაღლესი განათლების სექტორისთვის.