მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და ისრაელის ომი - Bloomberg-ის ინტერვიუ რიში სუნაკთან

რიში სუნაკი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპა დიდი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდა. კონტინენტზე ჯერ ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო, რასაც, მოგვიანებით, რეკორდული ინფლაცია და მასთან გასამკლავებლად შემოღებული ისტორიულად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დაემატა. ამ ყველაფერმა, ევროპის რიგ ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისი შექმნა, რის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად გაერთიანებული სამეფო გამოდგება, რომელმაც 2022 წლის ორ თვეში ერთბაშად სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. თუმცა მას შემდეგ, ვითარება ასე თუ ისე დასტაბილურდა და აი, უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირიდან გამოყოფილ ქვეყანას რიში სუნაკი მართავს.

გაერთიანებული სამეფო, ცხადია, ხელწამოსაკრავი ქვეყანა არც ერთ ვითარებაში არ არის, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის ევროკავშირის წევრი. გაერთიანებული სამეფო რიგით მე-6 ქვეყანაა მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რომელიც 3 ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც ლამის 106-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში. ამასთან, გაერთიანებულ სამეფოს შესანიშნავი შედეგი აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებელთან დაკავშირებით, რომელიც 45 ათას დოლარს აღემატება.

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოს, ისევე, როგორც სხვა დიდ სახელმწიფოებს ინფლაცია ჯერ კიდევ აწუხებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემამ, თავი, გარკვეულწილად დახარა. ინფლაცია კი, ცხადია, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ევროპაში არც თუ ისე სახარბიელოა.

მსგავსი მდგომარეობაა გაერთიანებულ სამეფოშიც, სადაც Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები, წელს, მედიანურად, 0.4%-იან ზრდას ვარაუდობენ, რაც ნაკლებია, ვიდრე G7-ის ყველა ქვეყანაში, გარდა გერმანიისა, რომელსაც, ენერგოკრიზისის გამო, უბრალოდ, ძალიან ცუდი დრო დაუდგა.

ეკონომისტებს ანალოგიური პროგნოზი აქვთ 2024 წელთან შედარებითაც, რაც ერთგვარად დამაიმედებლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მომავალ წელს, G7-ის წევრ სახელმწიფოებში ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირება არის ნავარაუდევი. ამერიკის და იაპონიის ეკონომიკები, მაგალითად, დაახლოებით 1%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო გერმანიის მშპ-მ 0.4%-ით იმატოს. მეტად სახარბიელო პროგნოზები კეთდება 2025 წელთან შედარებით, როცა ეკონომისტები გაერთიანებულ სამეფოში 1.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ, რაც მეტია, ვიდრე, იტალიისა და იაპონიის შემთხვევაში.

დღეს, სხვათა შორის, Bloomberg-მა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც მსოფლიოს მე-6 ეკონომიკის ლიდერმა, სხვა თემებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა. რიში სუნაკის თქმით, იმ დროს, როცა ის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, არსებობდა ეჭვი, რომ გაერთიანებული სამეფო რეცესიაში შევიდოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და საპირწონედ ამისა, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება.

"იმ დროს, როცა ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გაერთიანებული სამეფოს რეცესიას პროგნოზირებდნენ არამხოლოდ საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი, არამედ ინგლისის ცენტრალური ბანკი, OECD და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ეს არ მომხდარა. ისეთი გადაწყვეტები დავნერგეთ, რომ ეს არ მომხდარიყო და მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკამ ყველა პარამეტრს აჯობა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასე რომ, როგორც ხედავთ, მუდამ ვამტკიცებ, რომ იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე ადამიანები ამბობენ და, როგორც გითხარით, ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკას ახლა კარგი მომენტი უდგას. ინფლაცია განახევრდა, ბიზნესის ინვესტიციების მაჩვენებელი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვაგან და როგორც გითხარით, ამ სამიტისთვის 30 მილიარდი გირვანქა სტერლინგის შეთანხმებები მივიღეთ, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე წარსულში. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს, რომ ინვესტორები და კომპანიები ჩვენს ეკონომიკას ნდობას გირვანქა სტერლინგითა და დოლარით უცხადებენ, რაც მარწმუნებს, რომ წინ დიდი ზრდა გველოდება", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა Bloomberg-თან.

ეკონომიკის გარდა, Bloomberg-მა რიში სუნაკს ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასს” შორის მიმდინარე ომზეც ჰკითხეს, რაზედაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავაც უჭერს მხარს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტის ორსახელმწიფოებრივ მიდგომას, რადგან ლიდერებმა, მისი თქმით, ღაზას ჰამასის შემდგომ მომავალზე უნდა იფიქრონ და ყველაფერი იღონონ, რათა ადამიანებმა იქ ღირსეულად და დაცულად იცხოვრონ.

"ამ საშინელი ტრაგედიის განმავლობაში მუდამ ვამბობდით, რომ ისრაელს აქვს უფლება საკუთარი თავი დაიცვას. ეს კი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან თანხვედრაში უნდა მოხდეს. სისტემატურად მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას, რომელთა დახმარებით მოხდება არამხოლოდ დახმარება, არამედ მძევლების გაცვლა და მოხარული ვარ, რომ ეს ასეც ხდება. ის, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ, დამაიმედებელია. მნიშვნელოვანია, შეთანხმებას ყველამ პატივი სცეს, რათა მეტი პროგრესი დავინახოთ ამ მიმართულებით. რეგიონში არსებულ ყველა ჩვენს პარტნიორთან გავაგრძელებთ საუბარს, მათ შორის ამერიკელებთან, ისრაელელებთან, ეგვიპტელებთან და კატარელებთან", - ამბობს სუნაკი.

Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა გაერთიანებული სამეფო მხარს ორსახელმწიფოებრივ გადაწყვეტას, სუნაკი პასუხობს, რომ ეს ქვეყნის დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა.

"ეს ყოველთვის ასე იყო და ასეც გავაგრძელებთ, მეტიც - ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გავზარდოთ. ეს ის საკითხია, რომელზედაც ნათელი პოზიცია გვაქვს. რეგიონში ვიზიტისას პალესტინის პრეზიდენტს ვესაუბრე, სწორედ ამ საკითხზე. გაერთიანებული სამეფო გააკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია, პალესტინას რომ დაეხმაროს. ღაზას ჰამასის შემდგომ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ადამიანებმა იქ ღირსეულად და დაცულად იცხოვრონ. ეს არის ხედვა, რომელსაც ყველა ვიზიარებთ", - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა Bloomberg-თან საუბრისას.

აქვე, ორიოდ სიტყვით გეტყვით გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებულ ინფლაციაზე და გირვანქა სტერლინგის გაცვლით კურსზე. ოქტომბერში, წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 4.6% შეადგინა, რაც 6.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე ზუსტად ერთი წლის წინ, როცა ეს მაჩვენებელი პიკში იყო.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს რაც შეეხება, დღეს ერთი გირვანქა სტერლინგი $1.26-ად ივაჭრება, ანუ ერთი წლის ჭრილში, ბრიტანული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 5%-ითაა გამყარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები