მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იპოთეკური სესხის გაცემა უნდა გამარტივდეს" - რა მოლოდინები აქვს უძრავი ქონების სექტორს?

უძრავი ქონება

უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები ეროვნული ბანკისგან იპოთეკური დაკრედიტების გამარტივების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელიან.

საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების რაოდენობა იკლებს. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა ბანკებმა სულ 37 371 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7%-ით, ანუ 4 958-ით არის შემცირებული. ამ ფონზე, კი მზარდია დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებები.

როგორც BMG-სთან “არსის” გენერალური დირექტორი ამბობს, ეროვნულ ბანკთან გამართულ შეხვედრებზე მათ შორის დაისვა საკითხი, რომ იპოთეკური სესხის გაცემა იმგვარად უნდა გამარტივდეს, რომ დეველოპერებს სამომავლოდ უფრო ნაკლები შიდა განვადების გამოყენება მოუწიოთ.

ბესო ორთოიძე ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დეველოპერების გააქტიურებული შიდა განვადებები რისკის შემცველია.

„მე პირადად 20 წელია ამ სფეროში ვარ და წელს პირველად იპოთეკური სესხების შემცირება არ აისახა ტრანზაქციებში. ამასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს, თუ დავაკვირდებით, ბაზარზე დეველოპერების უმრავლესობას აქვს შიდა განვადება, რომელიც თითქმის ანალოგიურია [ბანკის სესხის]. შესაბამისად, სწორედ ამან დააბალანსა შემცირებული იპოთეკური სესხების ფაქტი, რაც ბაზარზე დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. იმიტომ, რომ ბანკი არის ფინანსური ინსტიტუტი, ვინც ამ შემთხვევაში გრძელვადიან განვადებებზე, სესხებზე არის პასუხისმგებელი და მათ იციან ეს ბიზნესი, როგორ შეაფასონ, რამდენად გადახდისუნარიანი არის ესა თუ ის მომხმარებელი და ა.შ.

სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეროვნულ ბანკთან გამართული შეხვედრები, რომ ბალანსი, რომელიც დაირღვა, აღდგენილიყო. გარკვეული დაპირება გაიცა ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ ის ხისტი პოზიცია, რაც დღეს არსებობს, გადაიხედებოდა და შეიძლება შემსუბუქებულიყო, რომ შიდა განვადებების პორტფელი, რაც დეველოპერების მხარეს შეიქმნა, უფრო მოკლე ვადებში დაწყებულიყო მისი გადასვლა უკვე ფინანსურ ინსტიტუტებზე.

ახლა დაგროვდა დეველოპერების მხარეს დიდი პორტფელი, შესაბამისად, სასურველია, რომ ეს პორტფელი გადავიდეს საბანკო სექტორში და სამომავლოდაც აღარ გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა, რომ პროცედურები ცოტა გამარტივდეს. ახლა მოლოდინის რეჟიმია, რომ საბოლოოდ ეროვნული ბანკისგან კონკრეტული პასუხი მივიღოთ და უკვე პრაქტიკაში გადმოვიდეს ახალი რეგულაცია“, - ამბობს ბესო ორთოიძე.

დაახლოებით ერთი თვის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შესაძლოა, დეველოპერების დაკრედიტების წესი გამარტივდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები