მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 8.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის ორ თვეში ქვეყნების ვაჭრობის მოცულობა 44.3 მლნ აშშ დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 40.7 მლნ აშშ დოლარი.
44.3 მლნ აშშ დოლარიდან წელს იმპორტი 40 მლნ აშშ დოლარი იყო, ექსპორტი კი, მხოლოდ 4.3 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება TOP-5 ყველაზე მეტად იმპორტირებულ და ექსპორტირებულ პროდუქტებს, 2024 წლის მონაცემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:
ირანიდან იმპორტირებული TOP-5 პროდუქტი:
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $12.1 მლნ;
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - $2.8 მლნ;
- ეთილენის პოლიმერები - $2.4 მლნ;
- ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - $2.4 მლნ;
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $1.9 მლნ.
ირანში საექსპორტო TOP-5 პროდუქტი:
- ხე-ტყის მასალა - $1.2 მლნ;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $585.8 ათასი;
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $453.3 ათასი
- სიმინდი - $344 ათასი;
- მზა შემკვრელი ნივთიერებები - $244.9 ათასი.
რაც შეეხება გასული წლის სრულ მონაცემს, 2023 წელს საქართველოს სრული სავაჭრო ბრუნვა 271.2 მლნ აშშ დოლარი იყო 9.8 მლნ-ით მეტი, 2022 წელზე და ამასთან, ისტორიული მაქსიმუმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, უფრო მაღალი მაჩვენებელი არასოდეს დაფიქსირებულა.
FDI
ირანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაქსიმალური მოცულობა 2018 წელს დაფიქსირდა 8.2 მლნ აშშ დოლარი. გასულ, 2023 წელს კი, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მცირე მოცულობა 1 მლნ აშშ დოლარი იყო. შედეგად სრულ FDI-ში ირანის წილი მხოლოდ 0.3%-ია.
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ირანის 126 282 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 22.8%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე, თუმცა პანდემიამდელ 2019 წელზე 11.1%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფულადი გზავნილების სტატისტიკაში, ირანის მაჩვენებლები ნულოვანია.




























