საქართველოს ტურიზმში ისრაელი ერთ-ერთი მოწინავე პოზიციებზეა, საიდანაც ქვეყნის მიმართ მოგზაურობის კუთხით ინტერესი მზარდია.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მიუხედავად, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი აქტორი ისრაელია, ამ ქვეყნიდან საქართველოში 2024 წლის პირველ 9 თვეში ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 25.8%-ით 229 739 ვიზიტამდე გაიზარდა. ანუ წლის ამ მონაკვეთში ისრაელიდან 47 088 ვიზიტით მეტი განხორციელდა, ვიდრე 2023 წლის 9 თვეში.
ამგვარად ისრაელმა, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების - რუსეთის, თურქეთის და სომხეთის შემდეგ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში 4.5%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი ის მიმართულებაა, საიდანაც ტურიზმის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებითაც აღმდგარია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოში ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყნიდან ვიზიტორების მიერ 150 997 ვიზიტი შესრულდა. შესაბამისად, წელს შესრულებული ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელს 52.1%-ით აღემატება.
იანვარ-სექტემბერში საქართველოში 5 043 663 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც ტურისტულ და ერთდღიან ვიზიტებს მოიცავს და წლიურად 4.4%-ით არის გაზრდილი. აქედან ტურისტული ვიზიტები 9.2%-ით 3,992,842-მდე გაიზარდა, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა კი 10.4%-ით 1 050 821 ვიზიტამდე შემცირდა.
2024 წლის 9 თვეში ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს კვლავ ჩამორჩება
ცნობისთვის, თავად ისრაელმა ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორში დიდი ზარალი განიცადა. ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული ზარალი 18.7 მლრდ ისრაელური შეკელი, ანუ 4.9 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შიდა ტურიზმიდან ზარალის მოცულობა 756 მილიონ შეკელი, ანუ 201 მილიონი დოლარია.