მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივანიშვილის დასანქცირებისთვის კიდევ რა გჭირდებათ?" - ევროპარლამენტარი ბორელსა და მიშელს მიმართავს

ევროპარლამენტი

"ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ "კრიტიკოსთა ბაზას", რომელშიც მოხვდება თითოეული ადამიანი, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ან მის საჯარო მოწონებაში იქნება შემჩნეული, ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმენი X-ის საშუალებით ეხმიანება. დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა, და ევროპული კომისიის პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მიმართავს და EU-ს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს.

"ძვირფასო ჯოზეფ ბორელ, შარლ მიშელ, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო დასანქცირებისთვის, მის მიერ ქართული დემოკრატიის დესტრუქციის გამო, კიდევ რა გჭირდებათ? იმისთვის, რომ გაყინოთ EU-ს დაფინანსება და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეაჩეროთ? ახლა ქართული დემოკრატიისა და ქართველ ხალხთან დგომის დროა", - წერს მირიამ ლექსმენი.

ევროპარლამენტარი წუხელ, 8 მაისის ღამეს თბილისში მომხდარ თავდასხმის სერიებსაც ეხმიანება.

"საზარელია. ეს არის ივანიშვილის ნამდვილი "ქართული ოცნება", - წერს დეპუტატი ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის ცემის კადრებზე.

8 მაისს თბილისში უცნობი პირები სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს.

მანამდე, 8 მაისის დილას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "მოძალადეთა გამჭვირვალე" ბაზას შექმნის. მისივე თქმით, მონაცემთა ბაზის მიზანი იქნება, რომ საზოგადოებას მორალური რეაქცია ჰქონდეს და იცოდეს, თუ ვინ ახორციელებს მათზე ზეწოლას. ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, ბაზაში მოხვდება ყველა ის პირი, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარაში, ძალადობასა და შანტაჟშია ჩართული და/ან ამის მოწონებას საჯაროდ აფიქსირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები