მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები განათლების მინისტრს 6 თებერვალს შეხვდებიან

სს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, 3 საათ-ნახევრიანი, შეხვედრა დასრულდა.

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ განათლების მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრა ხანგრძლივი და დაძაბული იყო. მისი თქმით, შეხვედრის განმავლობაში მწვავე შეკითხვები დაისვა ორი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით.

რექტორის ინფორმაციით, პარასკევს, 6 თებერვალს, დაგეგმილია ერთობლივი შეხვედრა განათლების მინისტრთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

“დაახლოებით, 3 საათ-ნახევარი გაგრძელდა შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილესთან. რა თქმა უნდა, იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ორ ნაწილად გავყოფდი შეხვედრას. შევთანხმდით, რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება. ეს იყო, როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, მეორე- პოლიტიკური საკითხები, რომელსაც პასუხს უკვე მინისტრი გასცემს პასუხს. გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს სტუ, ასევე თსუ-ი ერთად შეხვდება განათლების მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს. შეხვედრაზე საუბარი გვექნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა დიალოგი გაგრძელდეს”,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა სტუდენტთა რაოდენობით ორი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტის - თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას განიხილავს, რის შემთხვევაშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი იქნება. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განაცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიღებულია ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ განცხადებას ორივე უნივერსიტეტის პროფესურის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება - გივი მიქანაძე

რა უძრავი ქონება ეკუთვნით თბილისში თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტს?

თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ვადები - რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა?

თსუ-ს და ტექნიკურის გაერთიანება - 7 რისკი უმაღლესი განათლების სისტემისთვის|შალვა ტაბატაძის შეფასება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები