მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმრთელობის დაზღვევაში კორპორაციულად დაზღვეულების რაოდენობა ნელი ტემპით იზრდება - ლაშა ნიკოლაძე

ლაშა ნიკოლაძე

დაზღვევის კავშირში აცხადებენ, რომ საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი ნელი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით.

როგორც კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა BMG-ის განუცხადა, ჯანმრთელობის დაზღვევაში მოქმედი 750 ათასი პოლისიდან მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო ტენდერებით დაზღვეულებზე მოდის, რაც საგანგაშო მონაცემია.

ლაშა ნიკოლაძის შეფასებითვე, მიმდინარე წლის 9 თვეში სადაზღვევო სექტორში გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების დიდი წილი ინფლაციითაა განპირობებული.

„კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი ნელი ტემპით იზრდება, თუკი გასულ პერიოდში 50 ათასი ადამიანით იყო ხოლმე ზრდა, ახლა 9 თვეში მხოლოდ 25 ათასითაა ეს მიმართულება გაზრდილი. იმ 750 ათას ადამიანშიც, რომელმაც თავისი დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიებს ანდო, მხოლოდ 436 ათასი არის კორპორაციულმა დაზღვეული. დანარჩენი ან სახელმწიფო ტენდერითაა დაზღვეული ან ინდივიდუალური პაკეტით სარგებლობს. შესაბამისად, თუ შევადარებთ წინა წელს, მხოლოდ 6 ათასითაა კორპორაციულ დაზღვევაში მატება, რაც საკმაოდ მცირე რაოდენობაა. გამოდის, რომ დიდი წილი სახელმწიფო ტენდერებით დაზღვეულებზე მოდის, რაც საგანგაშო მონაცემია, რადგან ბიზნესმა უნდა შეინახოს სახელმწიფო და არა პირიქით,

ამასთან, სამედიცინო დაზღვევა წლიურად დაახლოებით 12-13%-ითაა გაძვირებული და ამ მაჩვენებლითაა გაძვირებული ავტოდაზღვევაც, ანუ სადაზღვევო ინფლაციას აქვს ადგილი. ჩემი ვარაუდით, სწორედ ამ პარამეტრებითაა სადაზღვევო კომპანიების მოგების ზრდა რომლებმაც მოახერხეს, დანახარჯები არ გაეზარდათ და მეტი მოგება დაეგენერირებინათ“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს.

ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს. 30 სექტემბრის მდგომარეობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში 750 180 მოქმედი პოლისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები