„გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან. ფაქტის კომენტირებისას, კალაძემ 1 დეკემბერს თქვა - " ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს".
„მინდა, შევეხო დედაქალაქის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საკითხს. მოვისმინეთ ბევრი არასწორი შეფასება პოლიტიკურ ჭრილში. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თარიღს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, აშკრად დარწმუნდება, რომ ეს არანაირ კავშირში არაა იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეებში ხდება. გაცილებით ადრე გამოცხადდა რეორგანიზაცია.
ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია-სამსახურების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ახლაც
დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე. მოვისმინეთ ბევრი შეფასება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
რეორგანიზაცია აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის, მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
2025 წლის პირველი თებერვლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები რეორგანიზაციის შემთხვევაში მობილობით ვეღარ ისარგებლებენ და ამასთან გათავისუფლების შემთხვევაში 3 თვის კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ამას ითვალისწინებს საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონის პროექტი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.




























