მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგია, რომ ჩემი მოწოდება გაიზიარა“ - ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მადლობას უხდის

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მისი მოწოდების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისთვის მადლობას უხდის.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მოწოდება გაიზიარა, რადგან ამ შემთხვევაში არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაციების განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნობა ლოგიკური იყო და სამართლებრივ კრიტერიუმებს ეფუძნებოდა, თუმცა კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო მიზანშეწონილობის კრიტერიუმი, რასაც მის მიერ გაკეთებული მოწოდება დაეფუძნა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციულ ბიუროს იმისთვის, რომ გაიზიარა პირადად ჩემი და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ყველასთვის ცხადია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოქმედებენ დღეს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით. მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი, პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია პროპაგანდაში, პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს, ამას ისინი არც მალავენ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც ამ ორგანიზაციებს შეუფარდა გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორე არის, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე, მოქმედებს წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფო მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როდესაც შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომდინარე, წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე. ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის, ასეთი სტატუსის შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს უბრალოდ არაფერს არ იძლევა. ერთადერთი რასაც ეს იძლევა, არის ის, რომ შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ საბაბი სპეკულირებისათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ვერავის ვერ გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით. ვერც 2020 წელს გააკვირვა და მით უმეტეს, ვერც 2024 წელს გააკვირვებს ისეთი შელახული აქვს რეპუტაცია“, - თქვა კობახიძემ.

საქმე ის არის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპა"-ს თანადამფუძნებლები: ხათუნა ლაგაზიძე, სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივა ჭყონია - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღე მისცა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. TI-მ სასამართლოში იჩივლა, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, გადაწყვეტილება, რომლითაც TI-ის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. შედეგად, TI-ზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები გავრცელდა. გუშინ, კი პრემიერ-მინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. კობახიძის მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები