პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელია.
პრემიერს ჟურნალისტებმა ბიუროს მიერ, მისი მოწოდების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაზე ჰკითხეს, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ბიურო სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედებს, რაც ერთგვარი პრობლემური მოვლენაა და მთავრობას აქვს საშუალება, ბიუროს მიანიშნოს სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის ინტერესების დაცვის საჭიროებაზე.
„ანტიკორუფციული ბიურო მთავრობაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ამ შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმდებოდა ეს საკითხი და იმ მოწოდებას, რასაც მოგვიანებით გავავრცელებდი, პირადად გავუზიარებდი. ანტიკორუფციული ბიურო წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედებს და სწორედ იმის გამო, რომ არის დამოუკიდებელი ორგანო, მას არ აქვს ასეთი მოწოდება, რომ იმოქმედოს სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმითაც დამატებით, პედანტურად უნდა გაჰყვეს სამართლებრივ პრინციპებს, რაც ერთგვარი პრობლემური მოვლენაა. ამიტომ, ჩვენ გვაქვს საშუალება, მივანიშნოთ ანტიკორუფციულ ბიუროს ასეთი ინტერესების დაცვის საჭიროებაზე, რაც გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში, ბიურომ გვერდზე გადადო წმინდა სამართლებრივი მიდგომა და გაითვალისწინა მიზანშეწონილობის მხარეც. მადლობა ამისთვის ბიუროს და მის ხელმძღვანელს. ეს არის ნორმალური მოვლენა“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპა"-ს თანადამფუძნებლები: ხათუნა ლაგაზიძე, სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივა ჭყონია - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღე მისცა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. TI-მ სასამართლოში იჩივლა, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, გადაწყვეტილება, რომლითაც TI-ის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. შედეგად, TI-ზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები გავრცელდა. გუშინ, კი პრემიერ-მინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. კობახიძის მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა.