კატარის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში - მრჩეველთა საბჭოში (მეჯლის ალ-შურა) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია თბილისშია.
დელეგაციის წევრებს უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მზარდ კავშირებს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის დადებითი კონტაქტები, რაც ორმხრივი ვიზიტებითაც გამოიხატა.
კატარი ტერიტორიით პატარა ქვეყანაა, საქართველოზე დაახლოებით 6-ჯერ მცირე, სადაც 2.6 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
კატარი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. 2024 წლის მონაცემებით ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი $112,283 PPP. ნომინალურ გამოსახულებაში კი 81,400 აშშ დოლარია.
bm.ge გთავაზობთ კატართან ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში
ვაჭრობა
საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 24.5 მლნ აშშ დოლარი იყო. ზრდა გასულ წელთან შედარებით 83%-ია. აქედან, უდიდესი წილი 23.7 მლნ აშშ დოლარი იმპორტია, რომელიც 680%-ით გაიზარდა. ზრდის განმაპირობებელი კი, საფრენი აპარატების იმპორტის ზრდაა. რაც შეეხება ექსპორტს, 25.8%-ით არის შემცირებული.
TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი 2024 წელს:
- საფრენი აპარატები სხვა - $22 მლნ;
- ეთილის პოლიმერები - $1.6 მლნ;
- პროპილენისა ან სხვა ოლეფინების პოლიმერები - $84.4 ათასი;
- მოტოციკლები და ველოსიპედები - $5 ათასი;
- პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად - $3.4 ათასი.
TOP-5 ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფი 2024 წელს:
- ცოცხალი ცხვრები და თხები - $571.9 ათასი;
- თხილი და სხვა კაკალი - $59.5 ათასი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $55.5 ათასი;
- ნაყოფები სხვა, ახალი - $51 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები - $36.6 ათასი.
FDI
2023 წელს კატარიდან საქართველოში 3.2 მლნ-ს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ყველაზე მეტი, 8.7 მლნ კი, კატარიდან ქართულ ეკონომიკაში 2017 წელს ჩაიდო.
ტურიზმი
კატარის მოქალაქეების მიერ 2024 წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 729 ვიზიტი განხორციელდა, რაც 29.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება გასულ 2023 წელს კატარიდან ვიზიტორების კლება იყო 7.3%. განხორციელებული ვიზირების რაოდენობა კი, 1 705-ია.
კატარიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.