მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი ისევ იცვლება

6100235445067
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.21 19:12
958
“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი ისევ იცვლება - შესაბამისი საკითხი 29 ივლისის კომისიის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. ამ დრომდე პოსტს თამარ ბოკუჩავა იკავებდა, რომელიც სპეციალური მმართველის თანამდებობაზე 15 აპრილს დანიშნეს. ბოკუჩავამ თავის მხრივ მარიამ სულაბერიძე ჩაანაცვალა, რომელიც ამავდროულად სახელმლწიფო კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია. ოუფენ ნეტი ქვეყანაში საყოველტაო ინტერნეტიზაციის პროექტს ახორციელებს. სულაბერიძემ კომუნიკაციების კომისიას თავად მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

ვის დანიშნავს კომისია სპეციალური მმართველის თანამდებობაზე, დღის წესრიგში არ წერია. 

შეგახსენებთ - 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლს” შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენა და მის ფარგლებში ნექსოლი “კავკასუს ონლაინის” ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ასევე ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა. თუმცა, კავკასუს ონლაინთან დაკავშირებით ჩატარებულ ბოლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები