პროფესიით ეკონომისტისა და „დიოს“ დამფუძნებლის შეფასებით, დაკრედიტებაში ეროვნული ბანკის ხელოვნური ჩარევა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორი არ არის. ასე შეაფასა გადაცემა #რედაქტ2-ში სებ-ის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება სესხების 200 000 ლარიანი ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდის შესახებ.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კერძო პირებს და კომპანიებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თავად განსაზღვრონ სხვადასხვა ვალუტაში სესხის აღების რისკები და მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღონ.
„თავიდანვე 200 000 ლარამდე ჭერი დაწესების დროს მიმაჩნდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ახლა ეს ზღვარი 300 000 ლარამდე გაიზარდა. ზოგადად, ასეთი ხელოვნური ჩარევები და ე.წ. დედოლარიზაციის პროცესში განხორციელებული ასეთი რეგულაციები, ჩემი აზრით, ეკონომიკური თვალსაზრისით სწორი არ არის, რადგან მომხმარებელს თავისუფალ არჩევანს უზღუდავს. ადამიანი თავად უნდა წყვეტდეს - რომელ ვალუტაში აიღებს სესხს და როგორ გაისტუმრებს მას. მგონია, ამ შემთხვევაში უამრავ ადამიანს, ვისაც სესხის დოლარში ან ევროში აღების სურვილი აქვს მათ ეუბნებიან, რომ მათზე ჭკვიანები არიან და დოლარში სესხი არ უნდა აიღონ. რადგან შემდგომში კონვერტაციების კურსის მიდევნება გაუჭირდებათ. ეს სწორი არ არის“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.
„დიოს“ მმართველი პარტნიორს ამ შეფასების სიცხადისთვის კომპანიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ უცხოურ ვალუტაში სესხის კონვერტაციის რისკი თავის თავზე აიღო, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, როდესაც ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ სესხის თანადაფინანსებით ვისარგებლეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. როდესაც სახელმწიფო თანადაფინანსების ვადა გავიდა, სესხის სასურველ ვალუტაში გადატანის საშუალება გვქონდა. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, კონვერტაცია მომეხდინა და სესხი ევროში გადამეტანა, რადგან ევროში სესხის პროცენტი დაახლოებით 2 წლის წინ 2-ჯერ უფრო დაბალი იყო ვიდრე ლარში, ახლაც დაბალია... ისიც გავთვალე, რომ შეიძლებოდა ლარი გამყარებულიყო და ასეც მოხდა. ამგვარად, კომპანია ორმაგად მოგებული აღმოჩნდა. ლარი გამყარდა და იმ ევროს სესხზე, რომელსაც ვიხდით, ნაკლები პროცენტი გვიწევს. ის რისკი, რომელიც ჩვენ გავიღეთ, ჩვენი რისკი იყო და ჩვენი მექანიზმები გვქონდა“, - განმარტავს ის და დასძენს, რომ „კერძო პირები თუ ფიქრობენ, რომ მისი შემოსავალი ფიქსირებულია ლარში და არ უღირს რისკის გაწევა, ის ასე მოიქცევა. ჩემი აზრით, ეს უშლის თავისუფალ ეკონომიკას ხელს. დისკრიმინაციული დამოკიდებულება არ უნდა არსებობდეს. ეს არ არის სწორი“.
მეორე მხრივ, შემოსავლების უცხოურ ვალუტაში ქონის შემთხვევაში ნებისმიერი სესხის უცხოურ ვალუტაში დაშვების გადაწყვეტილებას თამაზ დაუშვილი დადებითად აფასებს.
„დოლარში შემოსავლის მქონე პირებს, რომ სხვა ვალუტაში შეუძლიათ სესხის აღება, ეს კარგია. თუმცა ლარში შემოსავლის მქონე პირებსაც უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება“, - აღნიშნავს დაუშვილი.
#რედაქტ2-ის კითხვას - მისი შეხედულებით, რატომ გაამკაცრა დაკრედიტება სებ-მა, თამაზ დაუშვილი ასე პასუხობს: „მთავარი ფაქტორი ის არის, რომ შემცირდეს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და ლარზე მოთხოვნა გაიზარდოს.
ჩემი აზრით, გარკვეულწილად მოლოდინია, რომ ვალუტის შემოდინება ისეთი აღარ იქნება, როგორც იყო და ლარზე ზეწოლა, რომ არ მოხდეს, ეს გადაწყვეტილება ლარის კურსის სტაბილურობას დაეხმარება“.
ცნობისთვის: 18 ოქტომბრის ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სავალუტო კრედიტის აღება როგორც ბიზნესისთვის , ისე მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მკაცრდება. 200,000 ლარამდე სავალუტო კრედიტების აღება არც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეძლოთ, ახალი წესი ასეთი იქნება:
- ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 300 ათასი ლარის ეკვივალენტის სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა;
- ის პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება დაახლოებით 3 000-მდე ფიზიკურ და 500-მდე იურიდიულ პირს შეეხება.