24-30 ივნისის კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს
- მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 9.3%-ია.
მაისში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
საქსტატის თანახმად, მაისში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 10.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად, კერძო სექტორის ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ თვეში 6 284 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წლიურად 5.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
- საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ამოქმედდა
27 ივნისიდან საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
შეთანხმების ამოქმედებით საამიროების მხრიდან ბაზარი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე იხსნება, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს, ორი ქვეყანას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. მისივე განცხადებით, საქართველოსთვის ყურის არაბულ სახელმწიფოსთან ეს ამ ტიპის პირველი შეთანხმებაა. “საქართველოს მიმზიდველობას ისიც აძლიერებს, რომ ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ დიდ ეკონომიკასთან - ევროკავშირთან და ჩინეთთან. საქართველოს ეს სტრატეგიული უპირატესობა არაბულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საინვესტიციო შესაძლებლობები გამოიყენონ და ამ ბაზრებზე წვდომა მიიღონ. შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.
- პარლამენტმა "ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონი სამი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.
პროექტი სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს აწესრიგებს და სანებართვო პირობების დაზუსტებას უზრუნველყოფს. კანონით, ზუსტდება ნებართვების მფლობელთათვის ინტერნეტდომენებისა და ვებგვერდის ოდენობა და მათი ოპერირების წესი. ამასთან, მათ დაემატათ ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე, სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.
პროექტით, ასევე განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორ პირთათვის და შესაბამის თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის.
- სებ-მა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის უცვლელად დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა.
მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. სებ-ის თანახმად, გასულ თვეში სესხების წლიური ზრდა დაჩქარდა.
“2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება. არსებული დინამიკა განაპირობა სესხების მშპ-თან ფარდობის გასულ კვარტალთან შედარებით დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნებამ, რაც, თავის მხრივ, წლის პირველი კვარტალისთვის სეზონურად დამახასიათებელი შედარებით დაბალი საკრედიტო აქტივობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციების შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მიმდინარე წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება", - აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
- მაისში დაკრედიტება ₾1.87 მილიარდით გაიზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხებისა და დეპოზიტების მაისი ტენდენციები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მაისში დაკრედიტება 1 მილიარდ 870 მილიონი ლარით გაიზარდა.
შესაბამისად მაისის ბოლოს დაკრედიტების მოცულობამ 56 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა.
მაისში ლარით გაცემული სესხების მოცულობა 535.48 მლნ ლარით (1.78%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.33 მლრდ ლარით (5.47%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.86%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.98 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.84%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.90%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27%-ით მეტი).
ამასთან, მაისში 2.54%-ით, ანუ 721.82 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 29.13 მლრდ ლარი შეადგინა.
2024 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.37% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.88 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით).
- ქართულ ბანკებში ₾52.98 მილიარდის დეპოზიტებია განთავსებული
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხებისა და დეპოზიტების მაისი ტენდენციები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის მაისის ბოლოსათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 52.98 მლრდ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 635.30 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით მეტია აპრილის მონაცემებზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით ნაკლები).
ამასთან, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 92.34 მლნ ლარით, ანუ 0.40%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.45%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 542.96 მლნ ლარით, ანუ 1.85%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.53%-ით).
აპრილის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.45 პროცენტული პუნქტით) და მაისის ბოლოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 50.21% შეადგინა.
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.39% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.03%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.78%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.91%, ხოლო ევროს წილი 20.42% იყო.
- საბანკო სექტორმა 5 თვე 1.215 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურა
საბანკო სექტორმა 5 თვე 1.215 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურა. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემებით, მხოლოდ მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 279.331 მლნ ლარი იყო. 17 ბანკს შორის ზარალზე 5 ბანკია.
კომერციული ბანკები მოგება/ ზარალის მიხედვით
- საქართველოს ბანკი 619.82 მლნ
- თიბისი ბანკი 447.36 მლნ
- ლიბერთი ბანკი 43.02 მლნ
- ბაზის ბანკი 31.65 მლნ
- პროკრედიტ ბანკი 15.3 მლნ
- კრედო ბანკი 15.2 მლნ
- ბანკი ქართუ 14.1 მლნ
- ტერა ბანკი 12,5 მლნ
- ხალიკ ბანკი 8.34 მლნ
- იშ ბანკი 7.02 მლნ
- პაშაბანკი 3.92 მლნ
- ზირაათ ბანკი 1,9 მლნ
- პეივბანკი (- 0.139 მლნ)
- პეისერა (-0.36 მლნ)
- ვითიბი ბანკი ( -0.509 მლნ)
- ჰეშბანიკი (-1.38 მლნ)
- სილქ ბანკი (-2.75 მლნ)
სექტორის მთლიანი აქტივები 85.6 მლრდ ლარს აღემატებოდა. აქტივების 77.6% ორ ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისის“ უჭირავს. მათი ჯამური წმინდა მოგება 1 მლრდ ლარზე მეტია.
- პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტს 16 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი წარედგინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემას მნიშვნელოვნად ცვლის. აწ უკვე, კანონის თანახმად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები და მას მნიშვნელოვანი გადაცდომების შემთხვევაში საპენსიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრების გადაყენების უფლებამოსილება აქვს. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებასთან ერთად იცვლება თავად საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა.
საბოლოო რედაქციის მიხედვით, კანონი სრულად 2025 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, მომავალი წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. მათ შორის, ცვლილება შეეხო ეროვნული ბანკის მიერ საბჭოს დამოუკიდებელი წევრების შერჩევისა და წარდგენის ვადებს, რომელმაც ასევე 4 თვით გადაიწია. მიზეზი, სავარაუდოდ არჩევნები და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესია, რომლის პარალელურადაც მმართველი საბჭოს პროფესიონალი წევრის (ახალი რედაქციით, ასე იწოდება ბორდის ყველა წევრი) შერჩევის პროცესი უნდა განხორციელებულიყო.
დამტკიცებული კანონის მიხედვით:
მმართველობითი საბჭო ღია კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ასევე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, რის შესახებაც წინასწარ ატყობინებს ეროვნულ ბანკს.
ასევე, 25-ე მუხლს დაემატა შემდეგი ჩანაწერი - ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.”
სხვა, არსობრივი ცვლილებები კანონპროექტში არ განხორციელებულა. დაზუსტდა ტერმინები და განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.
კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ახლა, ხელმოწერისთვის პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს, რომლის შეფასებითაც კანონი მავნებლურია. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს მექანიზმს, ბოლო სასესიო კვირაში მიღებულ კანონზე, უცნობია.
- Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა.
Fitch ანგარიშში აღნიშნავს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია 5.8%, ხოლო 2025-2026 წლებში - საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.
სააგენტო პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას, ასევე ხაზს უსვამს სტაბილურ საბანკო სექტორს. აღნიშნულია მიმდინარე პერიოდში არსებული დაბალი ინფლაცია და მთავრობის ვალის ზომიერი დონე, რაც მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.