ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადაეცა ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ, რომლის დამაარსებელი და პირველი მმართველი, იასონ ლორთქიფანიძე, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმა იყო.
იმავე ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა სოფელ ჩუნეშის საჯარო სკოლა, სადაც იასონ ლორთქიფანიძე სწავლობდა. სკოლას, სახელმწიფო ბანკის წიგნთან ერთად, ფინანსური განათლების ლიტერატურაც გადაეცა. კობა გვენეტაძე სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდა და მათთვის საგანგებო ლექცია გამართა.
"ჩვენ ვიმყოფებოდით წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, სადაც სახელმწიფო ბანკის დამაარსებელი და პირველი მმართველი, იასონ ლორთქიფანიძე დაიბადა. სახლ-მუზეუმს და სკოლას ვუსახსოვრეთ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წიგნი-ალბომი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკის დაარსებას და მისი პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის, ამაგს ეხება. იასონ ლორთქიფანიძის წვლილი განსაკუთრებულია არამხოლოდ ცენტრალური ბანკის დაარსებაში, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. იასონ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელი. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოხერხდა განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიება და სამშობლოში გადმოსვენება. მოხარული ვარ, რომ ახლახან, ეროვნული ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი გავაციფრულეთ და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად, უნიკალური შრიფტი შევქმენით, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
იმერეთში ვიზიტის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მშობლიური - ზედა სიმონეთის საჯაროს სკოლაც მოინახულა და ფინანსური განათლების თემაზე შექმნილი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.
NS